“ჩვენ ხელი მოვაწერეთ ახალი გრანტის ხელშეკრულებას,
რომელიც გამოიყო ქუთაისში წყალარინების ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად.”- ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა “ქუთაისის წყალარინების პროექტი”-ს დასაფინანსებლად ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ განაცხადა.
“ქუთაისის წყალარინების პროექტი” ითვალისწინებს ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას: შეიცვლება ძველი და დამონტაჟდება ახალი საკანალიზაციო მილები, აშენდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და სატუმბი სადგურები, მოეწყობა ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ძველ საკანალიზაციო ჭებს, პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული – შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ “ქუთაისის წყალარინების პროექტი”-ს დასაფინანსებლად ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
შეხვედრას EIB-ის დელეგაცია და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
,,ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოვაწერეთ ხელი ქუთაისის წყალარინების პროექტის დასაფინანსებელ მორიგ ხელშეკრულებას, რომელიც ამჯერად არის გრანტის სახით. წყალარინების სისტემის მოწყობისთვის ბანკის მიერ უკვე გამოყოფილია 100 მილიონი ევრო. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ქუთაისში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის მეორე ფაზა, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ევროპის საინვესტიციო ბანკი ჩვენი დიდი პარტნიორია იმ პროექტებში, რომლებსაც ვახორციელებთ, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგების მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ დღეს მქონდა შესაძლებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად მოგვეწერა ხელი იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც კიდევ მეტ დახმარებას უზრუნველყოფს და იქნება ორიენტირებული ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ისევე როგორც ქუთაისის წყალარინების პროექტის უკეთესად შესრულებისთვის”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
“ჩვენ ხელი მოვაწერეთ ახალი გრანტის ხელშეკრულებას, რომელიც გამოიყო ქუთაისში წყალარინების ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად. როგორც ქალბატონ მინისტრთან ვისაუბრეთ, საქართველოში ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია მოსახლეობისთვის სუფთა წყლის მიწოდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის გამართვა. ხელშეკრულების მიზანი სწორედ ამ პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებაა”-განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.
ქუთაისის თანამედროვე წყალარინების სისტემის მოწყობის მასშტაბური პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების დასაფინანსებლად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უკვე გამოყოფილია 100 მილიონი ევრო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცედურები, სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2019 წელს იგეგმება.
წყარო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.