ქუთაისის მერიამ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების მიღება დაასრულა.
იდეები მოქალაქეებმა მერიის ვებ-გვერდზე განათავსეს. საკუთარი ინიციატივა 16-მა მოქალაქემ წარადგინა.
ერთ-ერთი ინიციატივა ქრისტინე გრიგოლიას ეკუთვნის. გრიგოლია მერიას საავტომობილო ტრანსპორტის ველოსიპედით ჩანაცვლებას სთხოვს.
“ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ველოსიპედები მანქანების სერიოზული ალტერნატივაა. ველოსიპედისტების ქსელი ბევრად იაფია, ვიდრე საავტომობილო ინფრასტრუქტურაში ინვესტირება. ამასთან, ისინი ქუჩებს უფრო მომხიბლავს და მიმზიდველს ხდიან,”-ნათქვამია მოქალაქის ინიციატივაში.
ინიციატივის ავტორი პროექტის განსახორციელებლად მერიას შემდეგი პუნქტებს დაკმაყოფილებას სთავაზობს: ქალაქში ველო სატრანსპორტო ქსელის შექმნა, შიდა საქალაქო გზების დახაზვა, პირველად ეტაპზე, დაახლოებით 500-მდე ველოსიპედის შესყიდვა, ახლად მოწყობის გაჩერებებზე ველო სადგურების განთავსება.
პროექტის ავტორის მოსაზრებით, ველო სადგურებზე დაქირავებული თანამშრომლები იმუშავებენ, რომლებიც უზრუნველყოფენ დაქირავებული ველოსიპედებით გადაადგილების მიმართულებების კონტროლს. ასევე, ველოსიპედების გაქირავება მოხდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.
საუკეთესო 3 იდეას ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. შერჩეული 3 პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით. გამარჯვებული ინიციატივის განსახორციელებლად ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
პროექტი უსაიდ-სა და GGI-ს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ესტონურმა მხარემ მიაწოდა.