გარკვეული დაწესებულებების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა აღარ აიკრძალება.
შესაბამისი ცვლილება “თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში შედის.
კერძოდ, კანონპროექტის მე-10 მუხლის (თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა) პირველი პუნქტის “გ” და “დ” ქვეპუნქტები ყალიბდება იმგვარად, რომ შეზღუდვა იხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით; თუმცა ამისათვის დგინდება გარკვეული პირობები, რომლის თანახმად, ამ დაწესებულების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას (ადგილებში) და ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი.
მოქმედი კანონით აღნიშნულ ტერიტორიებზე მოწევა აკრძალულია. კანონ-პროექტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია.