მოქალაქე, ირაკლი გოგლიჩიძე ქუთაისში თამარ მეფის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოდის.
“თამარ მეფის ქუჩის დასაწყისში, ყოფილი საგრენაჟო ქარხნის წინ მდებარე სკვერში დაიდგას თამარ მეფის ძეგლი და სკვერი რეაბილიტირდეს შესაბამისი თემატიკით. სასურველია, თამარობას, 14 მაისს გაიხსნას რეაბილიტირებული სკვერი. ასევე, ქუჩას ეწოდოს გამზირი, ანუ თამარ მეფის გამზირი. ეს ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა ქალაქში და, შესაბამისად, ისტორიული და ტურისტული მიმზიდველობით გამორჩეული. ნამდვილად საერო და საშვილთაშვილო იქნება ამ პროექტის განხორციელება,”-ნათქვამია ინიციატივაში.
პროექტის ავტორის მიერ წარმოდგენილ ინიციატივაში აღნიშნულია, რომ მისი განხორციელების სავარაუდო ღირებულება 150000 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების მიღება დაიწყო. საკუთარი იდეები მოქალაქეებმა მერიის ვებ-გვერდზე უნდა განათავსონ. ამ ეტაპზე საკუთარი ინიციატივა 6-მა მოქალაქემ წარადგინა. ინიციატივებს შორისაა: აღმაშენებლის ხეივნის რეაბილიტაცია, ახალგაზრდული გაზეთის გამოცემა, ერევნის ქუჩისათვის სახელის შეცვლა, ტრენინგ ცენტრის მოწყობა და ქუთაისის კულტურული ბილიკის შექმნა.
საუკეთესო 3 იდეას ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. შერჩეული 3 პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით. გამარჯვებული ინიციატივის განსახორციელებლად ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
მსურველებს ინიციატივების დარეგისტრირება 20 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
პროექტი უსაიდ-ს და GGI-ს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ესტონურმა მხარემ მიაწოდა.