ქუთაისის მერიამ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების მიღება დაიწყო.
საკუთარი იდეები მოქალაქეებმა მერიის ვებ-გვერდზე უნდა განათავსონ. ამ ეტაპზე საკუთარი ინიციატივა 6-მა მოქალაქემ წარადგინა. ინიციატივებს შორისაა: აღმაშენებლის ხეივნის რეაბილიტაცია, ახალგაზრდული გაზეთის გამოცემა, ერევნის ქუჩისათვის სახელის შეცვლა, თამარ მეფის ქანდაკების დადგმა, ტრენინგ ცენტრის მოწყობა და ქუთაისის კულტურული ბილიკის შექმნა.
აღმაშენებლის ხეივნის რეაბილიტაციის იდეა არქიტექტორმა, გია ხუჯაძემ დაარეგისტრირა. ხუჯაძე ხეივნიდან პალმების გადატანასა და მათი ფოთლოვანი ჯიშის ხეებით ჩანაცვლებას ითხოვს.
“ქუთაისისთვის უცხო და შეუფერებელი პალმების ხეივნის განაშენიანება და ჩანაცვლება მოხდეს ფოთლოვანი ჯიშის ხეებით. ხეების ჯიშის შერჩევაში კონსულტაცია აუცილებლად გასავლელი იქნება სპეციალისტებთან. როდესაც მოხდება ახალშენის ფორმირება, არსებული პალმები გადაეცეს ზღვისპირა ნებისმიერ კურორტს. უკვე ფორმირებული ფოთლოვანი ხეების მოვლა-შენახვა გაცილებით იაფი, მინიმუმ ათჯერ ნაკლები დაჯდება,”-ნათქვამია ინიციატივაში.
რაც შეეხება ქუთაისის კულტურული ბილიკის შექმნას, იდეა ეკატერინე მარუქაშვილმა დაარეგისტრირა. ინიციატივა ქუთაისის ისტორიული სახლების აღწერას, აღნიშნული სახლებისა და მათი მობინადრეების შესახებ ინფორმაციის რამდენიმე ენაზე განთავსებას, სახლებთან საინფორმაციო დაფების დადგმასა და აღწერილი და დანომრილი სახლების მიხედვით რამდენიმე ენაზე საფეხმავლო რუკის შექმნას მოიცავს.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, სიახლე მოქალაქეების ადგილობრივ მმართველობაში აქტიურ ჩართულობას, საჯაროობასა და მოქალაქეთა თავისუფალი იდეების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება.
საუკეთესო 3 იდეას ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. შერჩეული 3 პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით. გამარჯვებული ინიციატივის განსახორციელებლად ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
მსურველებს ინიციატივების დარეგისტრირება 20 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
პროექტი usaid-სა და GGI-ს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ესტონურმა მხარემ მიაწოდა.