იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა რეგიონში ბიზნეს სექტორის დაინტერესებასა და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას ისახავს მიზნად.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, კახა დემეტრაშვილის თქმით, ქართული კომპანიების ტენდერებში მონაწილეობა პასიურია. მისივე განმარტებით, კონკურენციის დონე დაბალია და ტენდერისათვის გამოყოფილი თანხების ათვისება ვერ ხდება.
“შეხვედრები რეგიონებში არის მნიშვნელოვანი ქართული ბიზნესის მხარდაჭერისათვის. ქვეყანა ყოველწლიურად თითქმის 4 მილიარდ ლარს ხარჯავს შესყიდვებში. გვინდა, რომ ქართულმა კომპანიებმა უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საჯარო შესყიდვებში. ამით დაიძლევა სიღარიბე და განვითარდება ეკონომიკა,”-განაცხადა კახა დემეტრაშვილმა.
პაატა აბჟანდაძე 2009 წლიდან ხე-ტყის პირველად გადამუშავებას თერჯოლაში, სოფელ ძევრში ახორციელებს. 2014 წელს მან საკუთარი ბიზნესი გააფართოვა და ახლა 12 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
“ინფორმაციაზე წვდომა ერთ-ერთი მთავარია ბიზნესისათვის. ალბათ, ბიზნესიც გაფართოვდება და დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება,”-განაცახადა პაატა აბჟანდაძემ.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით, 15-მა ბიზნესმენმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადამზადების კურის გაიარა, რომლებიც რეგიონებში დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ.