საჩხერეში ლიტერატურული კონკურსი “მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურები” გაიმართება.
კონკურსის ორგანიზატორი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს 18 წლის ასაკიდან შეუძლია.
“საკონკურსოდ წარმოდგენილი ტექსტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 6 სტრიქონს, თითოეულ ავტორს შეუძლია გამოაგზავნოს არაუმეტეს სამი ტექსტისა, რომლებიც მანამდე ბეჭდური სახით გამოქვეყნებული არ ყოფილა,”-ნათქვამია საკონკურსო მოთხოვნებში.
გამარჯვებულები 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში, სახალხო დღესასწაულ “მუხრანობა”-ზე დაჯილდოვდებიან.
პრემია მინიატურების კონკურსში გამარჯვებულ სამ ავტორს მიენიჭება. პირველი პრემიის მფლობელს ჯილდოდ 500 ლარი, მეორე და მესამე პრემიის მფლობელებს კი 400 და 300 ლარი გადაეცემათ.
საკონკურსო ნაწარმოებების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 სექტემბერი.