გელათის სამონასტრო კომპლექსში საკონსერვაციო-სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები ორ ეტაპიანია – პირველი ეტაპი გუმბათისა და ქვების რესტავრაციას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპი კი, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სამლოცველოს გადახურვას, საძირკვლისა და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციას მოიცავს.
გასულ წელს დასრულდა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – საინფორმაციო შენობა-ნაგებობის, კაფეს, სამზარეულოს, სველი წერტილისა და ავტოსადგომის მშენებლობა. ასევე გაკეთდა წყლის 2 რეზერვუარი, ჭაბურღილი და გამწმენდი ნაგებობა.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ დაათვალიერეს.
“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ძეგლები. ისტორიული მემკვიდრეობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის შემოსავლის წყაროდ უნდა ვაქციოთ და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გაცილებით მნიშვნელოვანია საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც გელათის მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
გელათის მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტის ჯამური ღირებულება, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, 3 მილიონ ლარამდეა და ორივე კომპონენტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.