სოფელ სასაშის ერთადერთ სკოლაში გასული სასწავლო წელი პირველკლასელების გარეშე დაიწო.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლისათვის ეს უჩვეულო ამბავი არ არის. მეტიც, სკოლა, სადაც სულ 30 მოსწავლე სწავლობს, წელს მხოლოდ ერთმა მე-12 კლასელმა დაამთავრა.
სკოლის დირექტორს, პროფესიით მათემატიკოს, 35 წლის მერაბ ონიანს კარგად ახსოვს, რომ ბოლო წლებში ერთადერთი მრავალრიცხოვანი პირველი კლასი მხოლოდ 4 მოსწავლისაგან შედგებოდა.
“სკოლა წელს მხოლოდ ერთმა მე-12 კლასელმა დაამთავრა. არ გვყოლია პირველკლასელი. ბევრი რამ მინდა ჩემი სკოლისთვის, მაგრამ დაწესებულება პირველ რიგში მოსწავლისთვისაა, რაც ასე მარტივად მოსაგვარებელი პრობლემა არ არის,”-ამბობს სკოლის დირექტორი.
აღსაზრდელების რაოდენობით არც სოფელში არსებული ბაღია განებივრებული. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დაახლოებით 15 ბავშვი თუ დადის.
“ერთი საბავშვო ბაღი გვაქვს, თუმცა აქ 12-15 მოსწავლე თუ იქნება,”-გვითხრა მერაბ ონიანმა.
მთავარი პრობლემა არც პედაგოგების სიმცირე და არც გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. ადგილობრივების მთავარი სატკივარი ახალგაზრდებისაგან დაცლილი სოფელია. როგორც ამბობენ, ახალგაზრდები საცხოვრებლად დიდ ქალაქებში გადადიან, მოსახლეობის ნაწილი კი სამუშაოდ ესპანეთში, მათივე თქმით, სასაშელების მეორე სამშობლოში, მიდის.
70 წლის გიორგი ონიანს დიდი ხანია სოფელში ქორწილი აღარ უნახავს, თუმცა, სმენია მისი თანასოფლელების დედაქალაქში დაოჯახების ფაქტები.
“წასულები თხოვდებიან, მრავლდებიან. ვიღაცამ იკითხა, რატომ მიდიანო? მარტივი საპასუხოა, მართალია, იქ ჯაფაში არიან, მაგრამ ბოლოს მაინც დასახლდებიან,”-ამბობს გიორგი ონიანი.
თამარ ონიანი სასაშში, საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს. მასაც, თანასოფლელების მსგავსად, მრავალრიცხოვანი მოსწავლეების ხილვა ნამდვილად უნდა, თუმცა, სოფელში ახალგაზრდებისათვის პერსპექტივას ვერ ხედავს.
“ახალგაზრდა თაობისთვის არ არის არაფერი. სკოლაში კარგი პედაგოგები არიან და ბავშვები გამოცდებს წარმატებით აბარებენ. აქ მხოლოდ მათემატიკას და სასკოლო საგნებს სწავლობენ. ხელოვნების დარგების, მუსიკის, ქორეოგრაფიის შესწავლა რომ სჭირდებათ, ამისთვის წრეები არ არის,”-ამბობს თამარ ონიანი.
აღსაზრდელებისაგან, მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისაგან დაცლილი სოფლის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობაში კარგად იციან. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, პრობლემა გლობალურია და გამოწვევის წინაშე, მხოლოდ ლენტეხის სოფლები კი არა, მთელი ქვეყანა დგას.
როდის გაჩნდება დასაქმების წყარო ან ახალგაზრდებისათვის მიმზიდველი საქმე მუნიციპალიტეტში, უცნობია. თანასოფლელებს არც ესპანეთში წასული ემიგრანტების დაბრუნების იმედი აქვთ. მიუხედავად გულისწყვეტისა, სოფელში დარჩენილმა დედებმა და მამებმა უკვე იციან, რომ მათი შვილებიც მომავალში ქალაქში წასულ ახალგაზრდებს შეუერთდებიან.