ქუთაისის მერია გარემოს შშმ პირებზე ადაპტირებისათვის მუშაობას დაიწყებს.
ქუთაისის ვიცე-მერის, ნინო თვალთვაძის განცხადებით, ინკლუზიური გარემოს შექმნა ქუჩების, შენობებისა და ტრანსპორტის ერთობლივად ადაპტირებას ნიშნავს, რომლის მოწყობაც ერთი წლის ვადაში შეუძლებელია.
“ინკლუზიური გარემოს შექმნა შშმ პირთათვის არ არის ერთი წლის განმავლობაში შესრულებადი სამუშაო. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ქალაქში საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს. საჭიროა ისეთი მარშრუტის შექმნა, რომ სახლიდან გამოსულ შშმ პირს დანიშნულების ადგილამდე დაუბრკოლებლად შეეძლოს მისვლა,”-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
ვიცე-მერის განმარტებით, შშმ პირთა საბჭო ქალაქში ქუჩების ადაპტაციის შესახებ იმსჯელებს. სავარაუდოდ, შეიქმნება იმ ქუჩების ჩამონათვალიც, რომლის ადაპტირებაც აუცილებლობას წარმოადგენს.
რაც შეეხება ტრანსპორტის ადაპტირებას, ნინო თვალთვაძის თქმით, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა არ იგეგმება, თუმცა საქალაქო ტრანსპორტის მფლობელებისათვის გარკვეული ტიპის სტანდარტები და მოთხოვნები დამუშავდება.
ვიცე-მერის განცხადებით, ცვლილებები 2019 წლიდან იგეგმება. ნინო თვალთვაძემ ქუთაისის მერიის შენობაში 2019 წლის ბოლოს შშმ პირთათვის ლიფტის მოწყობაც დააანონსა.