ქუთაისის ტურიზმის ცენტრი მუშაობას ახალი კონცეფციით აგრძელებს.
როგორც ააიპში აცხადებენ, ტურისტების რაოდენობაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენები დიდ გავლენას ახდენს. მათივე თქმით, სწორედ ამიტომ, ააიპი საინფორმაციო კამპანიებს იმ ქვეყნებში ჩაატარებს, საიდანაც ქუთაისის აეროპორტში პირდაპირი რეისები სრულდება.
“გასულ წელს 10 საერთაშორისო გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა. შევცვალეთ კონცეფცია და შევარჩიეთ ქვეყნები, რომლებსაც ქუთაისთან პირდაპირი ფრენები აქვთ. გვინდა, ძალები ევროპაში მოვსინჯოთ. ამოვიღეთ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, რადგან ეს ქვეყნები ჩვენი ბაზარი არ არის,”-აცხადებენ ტურიზმის ცენტრში.
ააიპის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, ქუთაისში ტურისტების ნაკადის 76%-იანი ზრდა ფიქსირდება. რაც შეეხება ვიზიტორებს ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილს გერმანია, მეორეს პოლონეთი, ხოლო მესამეს რუსეთი იკავებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 ივლისს ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა. ააიპის წარმომადგენლებმა ტურიზმის ცენტრის ძველი და ახალი პრიორიტეტები განიხილეს.