სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზესტაფონში, ავტომაგისტრალზე მდებარე ობიექტები შეამოწმა.
აღნიშნული შემოწმება ავტომაგისტრალზე განლაგებული ობიექტებისათვის უკვე მეორეა. პირველ ეტაპზე, ინსპექტირება 31 ობიექტში განხორციელდა, რის შემდეგაც, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 16-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამ დროისთვის საწარმოო პროცესი ყველა ბიზნესოპერატორს აღუდგა.
თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის, ვასილ ბასილაძის განცხადებით, ბიზნესოპერატორებმა სააგენტოს მიერ მიცემული მითითებები გაითვალისწინეს და გადამოწმებისას არც ერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა.
“სააგენტო აგრძელებს ტურისტულად აქტიურ ადგილებში მდებარე კვების ობიექტების შემოწმებას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და აქტიური კომუნიკაცია ბიზნესოპერატორებთან უვნებლობის სტანდარტებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დანერგვის მიზნით”, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ.
შემოწმების პროცესში, იმერეთის რეგიონული სამსახურის სპეციალისტებთან ერთად, თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი.