ქუთაისში საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი აქტუალური მოვლენების შესახებ იმსჯელეს.
კაფე “გალერისა” და კლუბ “ბასიანის” დარბევა, კამპანია “ნუ მომკლავ”, თბილისის მეტროს მემანქანეების გაფიცვა- “აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” ქუთაისის ოფისში აღნიშნულ თემები განიხილეს.
დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულმა სოფიო კუპატაძემ საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზებსა და მოვლენებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ როლზე ისაუბრა. დისკუსია მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შედგა.
“მნიშვნელოვანი იყო ის მიმართულებები, რა მხრივაც მოქალაქეები გააქტიურდნენ: ახალგაზრდები იბრძოდნენ თავისუფლებისათვის; ისმოდა გზავნილები “ნუ მომკლავ”, სადაც ადამიანები სამართლიანობას ითხოვდნენ; თბილისის მეტროს მემანქანეები შრომითი უფლებების დასაცავად გამოვიდნენ,”-განაცხადა სოფიო კუპატაძემ.
სოფიო კუპატაძის თქმით, ბოლო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაცილებით სუსტი იყო სამოქალაქო აქტიურობა ვარდების რევოლუციის შემდეგ, რის მიზეზადაც კუპატაძე საზოგადოების აქტიური ნაწილის ხელისუფლებაში გადასვლას ასახელებს.
რაც შეეხება საპროტესტო აქციების ჯაჭვს, კუპატაძე განმარტავს, რომ აქციები ერთი კონკრეტული ადამიანის ირგვლივ არ ვითარდება, არამედ საზოგადოება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაგროვებულ კითხვებზე პასუხს ეძებს.
“კამპანია “ნუ მომკლავ” არ იყო მხოლოდ ზაზა სარალიძის ირგვლივ გაერთიანებული აქცია. ეს იყო საზოგადოებაში დაგროვებული იმედგაცრუება და ამ ყველაფერს ერთმა ადამიანმა თავი მოუყარა. ვფიქრობ, მიმდინარე პროცესები ოპოზიციური პარტიების დამსახურება ნაკლებადაა,”-განმარტა სოფიო კუპატაძემ.
დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულის აზრით, სამოქალაქო საზოგადოებამ ყველა გადაცდომასა და უსამართლობაზე პროტესტი მომავალშიც უნდა გამოხატოს. რაც შეეხება სისტემურ ცვლილებებს, კუპატაძე მიიჩნევს, რომ რომელიმე მთავრობამ მსგავსი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.
“ყველა მთავრობას ეყოლება თავისი მსხვერპლი გირგვლიანის და სარალიძის მსგავსად, თუ კი არ მოხდა სისტემური ცვლილებები. რომელიმე მთავრობამ პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს. უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება,”-ამბობს სოფიო კუპატაძე.
უნდა დაინიშნოს თუ არა ვადამდელი არჩევნები?- კითხვაზე კუპატაძე ასე გვპასუხობს: “ვადამდელ არჩევნებში გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერები არ არიან. არც ოპოზიციაა იმდენად პოპულარული რომ ხალხი მას გაჰყვეს. სამოქალაქო საზოგადოებამ მოსახლეობა მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობაში უნდა დაარწმუნოს.”
შეგახსენებთ, რომ 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. მანამდე კი 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ საპროტესტო აქციები გამართეს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ კი პროტესტი საქმის სრულფასოვანი გამოძიების, მთავარი პროკურორის გადადგომისა და მისი შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით დაიწყო.
ბოლო აქტუალური მოვლენა კი თბილისის მეტროს მემანქანეების გაფიცვა იყო, რომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების გაზრდას მოითხოვდნენ.