ჭიათურაში მაღაროელები აღარ გაიფიცებიან.
ინფორმაციას ამის შესახებ ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეთანხმება “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციასა და პროფკავშირების წარმომადგენებს შორის წუხელ, 3 ივნისს, გვიან ღამით შედგა. შეთანხმების შედეგად, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გაიზრდება 10%-ით. ხელფასის მატება განხორციელდება 2018 წლის 1-ლი ივნისიდან.
აგრეთვე, “კომპანია, შემჭიდროვებულ ვადებში, პროფკავშირის ჩართულობით შეიმუშავებს საპრემიო დებულებას, რომელიც აგებული იქნება შემოსავლის ზრდის პრინციპზე და დაემყარება შრომის ნაყოფიერების და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდის მაჩვენებლებს. საწარმოო გეგმების დაკორექტირების პროცესში კომპანია უზრუნველყოფს პროფკავშირის და დასაქმებულთა წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა. ასევე კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ შექმნას გეგმის შესრულების ყოველდღიური კონტროლის ციფრული მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს დასაქმებულთა ვიზუალურ ინფორმირებას. კომპანია მზადაა ნებისმიერი პრობლემატური საკითხი განხილული და გადაწყვეტილი იქნას პროფკავშირთან ერთად და უზრუნველყოს პროცესის ოპერატიულობა. 2019 წლის იანვრის თვიდან მოხდება ზეგანაკვეთურ საათებში და სადღესასწაულო დღეებში მუშაობის ანაზღაურების ტარიფის ზრდის, გარკვეულ სადღესასწაულო დღეებში ფულადი საჩუქრის დაწესების და სხვა სოციალური ბენეფიტების დაწესების შესაძლებლობა”,- წერია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.