ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე
გამოტანილი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა. გთავაზობთ განცხადებას:
“თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი პირების გ.ბ.-ს და გ.ჯ.-ს მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლ.დ.-ს განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დ.ს.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
სასამართლომ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულ გ.ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, ხოლო არასრულწლოვან მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით განუსაზღვრა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მსჯავრდებულ გ.ბ.-ს 10 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს 9 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
ბრალდების მხარე არ ეთანხმება აღნიშნულ განაჩენს როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში და მას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”, – ნათქვამია განცხადებაში.