ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
იმერეთის გუბერნიაში ღონისძიება მოეწყო. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ თანამშრომლების შვილებისთვის სახალისო აქცია გამართა.
“აქციის ფარგლებში, გუბერნიის სხდომათა დარბაზში, ბავშვებმა სიმბოლურად თათბირი გამართეს. შეხვედრაზე ე.წ. მემორანდუმი გაფორმდა და ყველა იმ აქტივობის სიმულაცია განხორციელდა, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველდღე ასრულებენ.
თათბირის შემდეგ სამუშაო დღე ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში გაგრძელდა, სადაც მასპინძლის როლი 4 წლის ვახომ მოირგო, რომელმაც მამასთან, პოლკოვნიკ შალვა ძინძიბაძესთან ერთად, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის შვილს ნიკოლოზ დალაქიშვილს ლიცეუმი დაათვალიერებინა და იქ არსებულ საინტერესო გარემოზე ესაუბრა.
დღის ბოლოს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ 1 – ლი ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსაც მიულოცა. 9 წლის ნიკოლოზი დღის ცენტრის ბენეფიციარების შემოქმედებას გაეცნო და მათთან ერთად სადღესასწაულო ტორტი გაჭრა.”- წერია გუბერნიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.