ხელთათმანები ვიბრაციისა და ჭრილობებისაგან დასაცავად, ვიბრაციის დონის საზომი, ჩაფხუტი, აირწინაღი, ფილტრი-

ეს ის იმ ნივთების ჩამონათვალია, რომლებსაც მშენებლობაზე დასაქმებულები თუ გარემოს დაცვის კუთხით მომუშავები პირები იყენებენ.

აღჭურვილობა ქუთაისში, სასატუმრო “ბაგრატი 1003”-ის ფოიეში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) გამოფინა.

როგორც GIPA-ს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული პროგრამის სტუდენტი ბექა ჩიკვაიძე განმარტავს, აღჭურვილობა სხვადასხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულების დროს მოსალოდნელი საფრთხის შესამცირებლად გამოიყენება. 

“წარმოდგენილი აღჭურვილობა საქართველოში ჯერ აქტიურად არ გამოიყენება.ეს არის სტანდარტი, რომელიც მოწინავე ქვეყნებს აქვთ. აუცილებელია, ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება. მსგავს სამუშაოზე დასაქმებულებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ უსაფრთხოდ მუშაობის უფლება აქვთ. მაგალითად, მშენებლობაზე დასაქმებულს სპეციალური ფორმა და ბატინკი უნდა ეცვას და არა ჯინსი,”-განაცხადა ბექა ჩიკვაიძემ.

GIPA-ს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების პროგრამის კოორდინატორის თამარ ჟღენტის თქმით, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე ამჟამად 20 სტუდენტი ირიცხება. მისივე განმარტებით, სტუდენტები წარმოდგენილი აღჭურვილობის შესწავლით პროფესიულ უნარ-ჩვევებს იმყარებენ.

“ახალი კანონის თანახმად, ყველა კომპანიამ უნდა დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები. მნიშვნელოვანია, საკითხს რეგიონებშიც დიდი ყურადღება მიექცეს. სავალდებულო ხდება მსგავს კომპანიებს შრომის უსაფრთხოების კუთხით გადამზადებული სპეციალისტი ჰყავდეს,”-განაცხადა თამარ ჟღენტმა.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონის მსხვილ დამსაქმებლებსაც შეხვდნენ. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამის პროფესიული სტუდენტების შემდგომი სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივებზეც იმსჯელეს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *