ლელო ბარბაქაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტია.
8 წელია, რაც მის ყოველდღიურობას ქართული კალიგრაფიული ნამუშევრების შექმნა წარმოადგენს.
“ქართული ანბანი და ქართული კალიგრაფია ყველასთვის დასაფასებელია. ის უდიდესი განძია ჩვენთვის. შეიძლება ითქვას, ეს საქმიანობა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა,”-ამბობს ახალგაზრდა კალიგრაფი.
ლელო კალიგრაფიული საქმიანობით 2010 წლიდან დაინტერესდა. შეიძლება ითქვას, მისთვის პირველი წარმატების მომტანი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კალიგრაფიის კონკურსი აღმოჩნდა, სადაც საკუთარი ნიჭი იპოვა. მას შემდეგ კი საკუთარი შემოქმედების დახვეწასა და მასში მრავალფეროვნების შეტანაზე მუშაობს.
კალიგრაფი უნივერსიტეტში მოწყობილ გამოფენებში სისტემატურად მონაწილეობს, თუმცა მისი შესაძლებლობები დიდი ხანია წერეთლის უნივერსიტეტის ფარგლებს ცდება. ლელო ბარბაქაძის ნამუშევრები ლიტვაშიც გაიგზავნა, სადაც ერთ-ერთი ლიტველი პოეტის ლექსების გამოფენა სხვადასხვა კალიგრაფის მიერ შესრულებული ნამუშევრების ფონზე შედგა.