ცისფერყანწელთა ქუჩა ქუთაისში ადგილობრივებისა

და სტუმრებისათვის დღეს საინტერესო სანახაობად იქცა. ქუჩაზე ფოტოგამოფენები მოეწყო, რომელიც პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება.
მონპლეზირის თაღთან წმინდა ნინოს სახელობის სკოლის კურსდამთვარებულთა ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებელი კრების 5 წევრი ქალბატონიდან 2 ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიის კურსდამთავრებულები იყვნენ.

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე 1899 წლიდან სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიაში. 1904 წელს გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. 15 წლის გოგონა არალეგალური სასწავლო წრის – მიწისქვეშა ჯგუფის ორგანიზატორი იყო. ამ წრის წევრებმა რამდენიმეჯერ გამართეს ქუთაისელ მოსწავლეთა ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, რომელიც მეფის აბსოლუტური ძალაუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. შარაშიძე მონაწილეობდა აკრძალული ლიტერატურისა და ხელნაწერი გაზეთების გავრცელებაში, რაც საბოლოოდ სკოლიდან გარიცხვის ფასად დაუჯდა. 1905 წლიდან იყო რსდმპ წევრი. 1905 წლის რევოლუციის მიმდინარეობისას აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში, ამზადებდა საგაზეთო ინფორმაციებს, 1905 წლის ნოემბერში სომეხ-თათართა შეტაკების განმუხტვისას მსახურობდა მედდად თბილისის ქუჩებში. 1907 წლიდან ასწავლიდა ქუთაისში, მარიამ ყაუხჩიშვილის კერძო გიმნაზიაში. 1910-1911 წლებში იყო ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრი. 1916 წლიდან 1921 წლამდე იყო საბავშვო ჟურნალ “ჯეჯილის” სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1917 წელს იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელ კომიტეტში.

1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში როგორც სოციალ- დემოკრატიული პარტიის წევრი. შარაშიძემ კრების პრეზიდიუმის წევრისა და მდივნის თანამდებობა დაიკავა, იყო განათლების კომისიის წევრი. 

ნინო 1874 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში. გიმნაზია წარმატებით დაამთავრა. სულ მალე ნიკო ნიკოლაძემ და ოლღა გურამიშვილმა იგი დიდი ჯიხაიშის სკოლაში რუსულის მასწავლებლად მიიწვიეს, ხოლო 1903 წელს მოსკოვში გაემგზავრა საექიმო კურსებზე ჩასაბარებლად. რუსეთში რევოლუციური მოძრაობის ტალღამ მის მეგობრებსაც გადაუარა და ბევრი მათგანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

1906 წელს სამშობლოში დაბრუნებული ნინო ტყეშელაშვილი პოსტრევოლუციურ მელანქოლიას შეესწრო, მაგრამ რადგან მარიამ დემურიას დაუახლოვდა და მისი საკვირაო სკოლის მასწავლებელი გახდა, იმედგაცრუებისთვის დრო აღარ რჩებოდა. პარალელურად “ნაკადულშიც” ბეჭდავდა შემეცნებითი ხასიათის წერილებსა და თარგმანებს.

ნინო ტყეშელაშვილი, როგორც ქალის თანასწორუფლებიანობისთვის მებრძოლი “სუფრაჟისტკა” ჩართული იყო 1905 წლის რევოლუციის მერე წამოწყებულ მოძრაობაში, სადაც ძირითადი თემა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობისათვის ბრძოლა იყო. ანასტასია გედევანიშვილმა “ქალთა თანასწორუფლებიანობის საქართველოს კავშირი” ჩამოაყალიბა. ამ ორგანიზაციასთან ერთად ნინომ 1908 წელს სრულიად რუსეთის ქალთა პირველ ყრილობას სოლიდარობა გამოუცხადა.

ამას გარდა ფოტო-კინო მატიანის მუზეუმის მიერი ორგანიზებული გამოფენა გაიმართა პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტოტიაზე. მუზეუმმა ექსპონატები დამოუკიდებლობის დღეს პირველად წარადგინა და დირექტორის თქმით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას მომავალშიც შეუერთდებიან. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *