ქუთაისს საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის
თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრნენ. გიორგი მარგველაშვილმა, ირაკლი კობახიძემ და მიხეილ ჯანელიძემ ქუთაისელებს “გვირილობის” დღესასწაული მიულოცეს.
“მშვენიერი განწყობაა. ყველა ქუთაისელს ვულოცავ. მინდა გისურვოთ, რომ მთელი სირთულე რაც არის ყოველდღიურ ყოფაში დაძლეული იყოს. ვიცი, რომ ქუთაისიდან ძალიან ბევრი ადამიანი წასულია იმისთვის, რომ თავისი ოჯახები არჩინონ. მინდა, მომავალ წელს ორმაისობას ქუთაისში დაბრუნებული ბევრი მოქალაქე შეხვდეს,”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
“ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია, ძალიან კარგი განწყობა და ამინდია. მინდა ქუთაისსა და ყველა ქუთაისელს დღევანდელი დღე მივულოცო. ეს ქალაქი არის უძველესი კულტურის მქონე. ხელსუფლებას აქ მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაგეგმილი, რომელიც ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს,”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სტუმრებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
“გვირილობის” დღესასწაულის აღნიშვნა ქუთაისში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებით დილიდან დაიწყო.