ქუთაისში, ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით,
ქუჩები გადაიკეტება. როგორც მერიის სატრანსპორტო განყოფილების უფროსმა ირაკლი ცხვედიანმა განაცხადა, მოქალაქეებს ქალაქში გადაადგილებაზე პრობლემა არ შეექმნებათ და მოძრაობა ალტერნატიული მარშრუტებით იქნება შესაძლებელი.
“ქუჩების გადაკეტვა წინა წლების ანალოგიურად მოხდება. ძირითადად მოძრაობა რუსთაველის ხიდიდან იკეტებოდა ცენტრალურ მოედნამდე. აღნიშნულის გამო, ავტომატურად იკეტებოდა თამარ მეფის ქუჩა. ტრანსპორტს პრობლემა არ ექნება, რადგან მგზავრი, რომელიც მოედანზე უნდა ჩამოსულიყო, გოგებაშვილის ქუჩით ისარგებლებს. ტრანსპორტი გაფრთხილებულია, რომ უნდა მოერგოს ორმაისობის დღესასწაულებზე დაგეგმილ ღონისძიებებს. როგორც კი შესაძლებელი იქნება, ისინი მოძრაობის ჩვეულ გრაფიკს დაუბრუნდებიან. ღონისძიებები ისე გვაქვს დაგეგმილი, რომ მოქალაქეებს გადაადგილების მხრივ პრობლემა არ შეექმნებათ. არ დაგვრჩება ისეთი წერტილი, სადაც სატრანსპორტო საშუალების გარეშე დარჩებიან მოქალაქეები,”-განაცხადა ცხვედიანმა.
“გვირილობის” დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი უკვე ცნობილია. ორმაისობაზე ქალაქში სხვადასხვა სახის გასართობი და კულტურული ღონისძიებები მოეწყობა. 2 მაისს ქუთაისში “ფრანი” და “33ა” იმღერებს.