წელს, “გვირილობის” დღესასწაულზე, მუხრანის ტყეში განსხვავებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იმერეთის გუბერნია ავრცელებს.
“რადგან “გვირილობა” დაკავშირებული იყო ქველმოქმედებასა და სიკეთის კეთებასთან, გადავწყვიტეთ, გავაცოცხლოთ ძველი ტრადიცია და საუკუნის შემდეგ, ისევ დავეხმაროთ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს,”-აცხადებენ გუბერნიაში.
იმერეთის გუბერნიაში განმარტავენ, რომ ორმაისობის დღესასწაულზე, მუხრანის ტყეში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა აქსესუარები. ღონისძიებაში რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული. ასევე, ,,გიმნაზისტი” გოგონები და ვაჟები გვირილებს გაყიდიან, აღებული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება.
ღონისძიების ფარგლებში, მუხნარის ტყეში გაიმართება კოლია ქვარიანის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ფოლკლორული ანსამბლების მიერ წარმოდგენილი იქნება როგორც ქორეოგრაფიული, ასევე ხალხური სიმღერები, შესრულდება ქალაქური სიმღერებიც.
“გვირილობა” მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის ნიშნად ტარდებოდა. მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში “გიმნაზისტკები” ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ.