2 აპრილს „როსსელხოზნადზორის“ გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთიდან პროდუქტების შეტანის აკრძალვაზე,
ამავე უწყების მიერვე უკვე გაუქმებულია. რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები თავდაპირველ პოზიციას ოკუპირებული ტერიტორიიდან აზიური ფაროსანას გავრცელების საშიშროებით ხსნიდნენ, თუმცა უწყებამ მოულოდნელად ემბარგო მოხსნა.
,,საქართველოს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ აგრომიმართულების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „როსსელხოზნადზორის“ მიერ 4 დღეში ბრძანების გამოცემაც და მისი შეცვლაც უწყებაში არა მეცნიერულ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს ატარებს. ნუგზარ სუარიძე განმარტავს, რომ მავნებელთან ბრძოლა ხანგძლივი პროცესია და ასეთ მოკლე ვადაში პრობლემა ვერ მოგვარდებოდა. სუარიძე აქვე გვახსენებს, რომ აზიური ფაროსანა 2014 წელს რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ სოჭიდან ოკუპირებულ აფხაზეთში, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც გავრცელდა.
სუარიძე თბილისში “როსსელხოზნადზორ”-ის წარმომადგენლების სტუმრობასაც გამოეხმაურა.
სეს-ის ინფორმაციით, „რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან“.
ნუგზარ სუარიძე – ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ აგრომიმართულების ხელმძღვანელი
ავტორი:
ეკატერინე მამამთავრიშვილი
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.