დღეს, 9 აპრილს, 20:00 საათზე ტყიბულში გლოვის ღამეა. ტყიბულელები მინდელის სახელობის შახტაში 5 აპრილს, გამთენიისას დაღუპულ მეშახტეებს ბოლო ღამეს ერთად გაუთენებენ.

ამის შესახებ, საზოგადოებას ტყიბულის სამთო-მომპოვებელი კომბინატების თანამშრომლებმა სოციალური ქსელების საშუალებით  შეატყობინეს.

ტყიბულელი მეშახტეების სოციალურ გვერდებზე გავრცელებული ტექსტი იტყობინება:

„ტყიბული გლოვობს დაღუპულ მეშახტეებს. ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. ტყიბულელები ყოველ დღე ვკარგავთ ამ ქალაქის საუკეთესო ბიჭებს და ვერ ვახერხებთ ამ მოცემულობის შეცვლას. ბოლო 11 თვეში ტყიბულმა 11 მეშახტე დაკარგა, რომლებიც მწამებლური სიკვდილით დაიღუპნენ შახტაში. აქ ადამიანების დაღუპვა და დასახიჩრება ყოველდღიურობად იქცა. ჩვენ ბევრი ტკივილი გვახსოვს. ეს ქალაქი ამას არ იმსახურებს.

ტყიბული პატივს მიაგებს დაღუპული მეშახტეების ხსოვნას. ორშაბათს, 9 აპრილს, 20:00 საათზე, მთელი ქალაქი თეატრის წინ იკრიბება რათა ბოლო ღამე გავუთიოთ ჩვენს დაღუპულ ბიჭებს. ეს ტყიბულის ღირსების საკითხია. გელოდებით ყველას მეშახტეების გლოვის ღამეზე სანთლებით და ყვავილებით“.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *