“სოლიდარობა ტყიბულს!”-ამ სახელწოდებით
ქუთაისში მდუმარე აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და დაღუპული მუშების ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს. ორგანიზატორის ლაშა მესხის თქმით, მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები უნდა დასრულდეს.
“მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. შრომა უნდა იყოს უსაფრთხო. ეს ადამიანები ჩვენ გვაკლდებიან. სამუშაო ადგილებზე განუკითხაობა უნდა დასრულდეს. მინდა, ტყიბულში დაღვრილი სისხლი იყოს ბოლო ამ უნიათო, მჩაგვრელ და ადამიანის სიკვდილზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკისათვის,”-განაცხადა მესხმა.
აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ თითოეული ადამიანი დაცულ გარემოსა და ადამიანურ პირობებში მუშაობას იმსახურებს. მათივე თქმით, აქცია არა მხოლოდ სოლიდარობის გამოხატულებაა, არამედ შეხსენება იმისა, რომ ყველა დამსაქმებელმა შესაბამისი პირობები უნდა შექმნას.
“უნდა ვეცადოთ, ყოველდღიური უბედურება დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ ხვალ და ზეგ უფრო მეტი ხალხი ვიდგებით. სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია რამეა, რაც დღეს საქართველოს სჭირდება,”-განაცხადა აქციის მონაწილემ ლია უკლებამ.
5 აპრილს, გამთენიისას ტყიბულის მინდელის შახტში ექვსი მუშა გარდაიცვალა, ხოლო სამი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.