მარტი ქალთა ისტორიის თვეა.ქუთაისის დემოკრატიული

ჩართულობის ცენტრში ამ თვეს ყოველთვის სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. ამჯერად დისკუსია და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული ქალთა კლუბის წევრების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.  

“ამ დღეს ჩემთვის პირადად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვართ დიასახლისები. არ ვართ საზოგადოებაში რეალიზებულები. დღევანდელი დღე კი სწორედ ამით არის მნიშვნელოვანი, რომ შევძელით ჩვენი თავი წარმოგვეჩინა”,- განაცხადა ქეთი ერემეიშვილმა. დამთვალიერებელს ჰქონდა საშუალება მისი ნამუშევრები ეხილა. 

საკუთარი შესაძლებლობები ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოადგინა დიანა ცხადაძემ. როგორც თავად ამბობს, მან ბავშვობის ოცნება აიხდინა. 

“ბავშვობაში ცოტას ვხატავდი, ცოტას ვძერწავდი. ახლა, როცა სახელმწიფო სამსახურში აღარ ვარ დავიწყე ასე ვთქვათ, საკუთარი თავის გართობა. ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ჩემი ნამუშევრები სხვას ესთეტიურ სიამოვნებას მიანიჭებს”,- აღნიშნა დიანა ცხადაძემ. 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან არსებულმა ქალთა კლუბის წევრებმა ღვაწლმოსილი ქუთაისელი ქალბატონები გაიხსენეს:  ანეტა ღოღობერიძე, ანეტა ნიკოლაძე, ღვაწლმოსილი პედაგოგი და სკოლის დირექტორი თამარ დახუნდარიძე, ექიმები – ბაბულია ჭელიძე და ქსენია კოსტავა, ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობები თინათინ ღვინიაშვილი, თამარა კიკნაძე და მარი გელაშვილი. 

ქალთა ისტორიის თვე ყოველ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. ამ თვის მიზანი არის ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლისა და მიღწევების უკან დაბრუნება და ისტორიაში მათი მნიშვნელობის ხელახალი დამკვიდრება. ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნა ხელს უწყობს ქალთა წვლილის აღიარებასა და წარმოჩენას სხვადასხვა სფეროში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *