იმერეთის გუბერნატორი
გივი ჭიჭინაძე ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს. ჭიჭინაძის თქმით, აღნიშნული პროფესიის მქონე ადამიანებს ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციის პროცესში დიდი წვლილი შეაქვთ.
“ყველა ჟურნალისტს და განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს დიდი პატივისცემით გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს!
თქვენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციის პროცესში. მედია ქმნის და მართავს საზოგადოებრივ აზრს და სწორედ ამიტომ ყველაზე მთავარს – ამავე საზოგადოების ნდობას გისურვებთ. ნდობა კი სიმართლის გარეშე შეუძლებელია, ჟურნალისტის ყველაზე დიდ ღირსებას ობიექტურობა წარმოადგენს, რომელიც პროფესიონალიზმის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რეგიონული მედიის როლი. იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რეგიონებში ამკვიდრებენ თავისუფალი მედიისა და პროფესიული ჟურნალისტიკის ფასეულობებს, თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდიან ინფორმაციას, დიდი და საპასუხისმგებლო საზოგადოებრივი როლი გაკისრიათ. ჩვენი მოვალეობა კი ამ ძალისხმევის თანადგომა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა.
მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის, დროულობის, სიზუსტისა და სანდოობისთვის. გისურვებთ შემდგომ წარმატებებს თქვენს პროფესიულ საქმიანობაში!,”-ნათქვამია გუბერნატორის მილოცვაში.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტს საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.