რა საჭიროებები აქვთ ქალებს?-“ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ”
გასული წლის 6 სექტემბერს ქუთაისში მცხოვრები 12 ქალი გამოკითხა.
კვლევის მიხედვით, ქალების მხრიდან ერთ-ერთ გენდერულ საჭიროებად თვითმმართველობაში მათი მეტად აქტიური მონაწილეობა დასახელდა.
“პოლიტიკურ პარტიებს აკლიათ ქალი წარმომადგენლები, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე,”-აცხადებენ გამოკითხულები.
ასევე, კვლევაში გამოიკვეთა გენდერული საჭიროება სკოლამდელი განათლების სერვისის გაუმჯობესებაში. დასახელდა შემდეგი პრობლემური საკითხები: სახელმწიფო ბაღებში ჯგუფები გადატვირთულია, ბავშვების ნაწილს არ აქვს შუადღეს დაძინების საშუალება, გასაუმჯობესებელია ინფრასტრუქტურა, პედაგოგების კვალიფიკაცია, დასაქმებული დედები აყენებენ ბაგის ჯგუფების საჭიროების საკითხს და ა.შ.
“საკითხავია, რა პროგრამაა, როგორი მეთოდებით, რა პათოსით ასწავლიან ლექსებს, რა გემოვნებასა და ღირებულებებს უყალიბებენ, ამ ასაკში ხომ ავტომატურად აღიქმება, არ იცის ბავშვმა რა არის ცუდი და რა არის კარგი, ის მხოლოდ ღებულობს იმას, რასაც ასწავლიან,”-ამბობს კვლევის მონაწილე.
კვლევაში ნათქვამია, რომ ფოკუს-ჯგუფთან დისკუსიამ მარტოხელა დედების საჭიროებებიც გამოკვეთა.
“მარტოხელა დედებზე არ არის დახმარება ქუთაისში. არაფერი არ არის საერთოდ. ხონშიც კი არის, მაგრამ ქუთაისში არა.”
“სანამ 18 წლის გახდება ბავშვი, პენსია ენიშნება, მაგრამ ეგ არის სახელმწიფო პროგრამა, მუნიციპალური არ არის ამ კუთხით,”-აცხადებენ გამოკითხული ქალები.
ჩამონათვალში მოხვდა პრობლემები აგრარულ ბაზარში, სავაჭრო ობიექტებში საკვები პროდუქტების უვნებლობის, პროდუქტების რეალიზაციისას სანიტარული ნორმების დაცვის თვალსაზრისით.
“არის ბაზრის პრობლემა. ბაზარში ამდენი მწერები, ამდენი ნაგავია, ეს მაღაზიასთან გამოტანილი გასაყიდი საქონელი, რომელსაც საშინელი სუნი ასდის,”-ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.
პრობლემურ საკითხთა ნუსხაში მოხვდა ქალაქში არქიტექტურული ნორმების დარღვევით შექმნილი შენობები.
“სამოქალაქო პროტესტი იმდენად აქტიური უნდა იყოს, რომ საკრებულოს ეშინოდეს ასეთი თვითნებური ნაგებობების ნებართვების გაცემის,”-აცხადებენ ქალები.
გარდა ჩამოთვლილისა, კვლევაში სხვა პრობლემური საკითხებიცაა მოყვანილი, მათ შორის მიგრაცია, პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხი, სოციალური ხასიათის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ა.შ.
აღნიშნული კვლევა “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ” პროექტის “მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში” ფარგლებში ჩაატარა.