“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა”
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასა და მათზე მორგებული ინფრასტრუქტურის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით,საყოველთაო აღწერის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში შშმ პირების დასაქმების და საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევათ.
კვლევის მიხედვით, საჯარო სექტორში შშმ პირების უმრავლესობა დასაქმებულია ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებში, შესაბამისად, საჯარო სექტორის 2014-2016 წლების ტენდენციებს უმეტესწილად განაპირობებს მსგავს დაწესებულებებში შშმ პირების დასაქმების პრაქტიკა.
IDFI-ის ინფორმაციით, 2016 წელს ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებში დასაქმებული შშმ პირების რიცხვი 77-დან 28-მდე (63%-ით) შემცირდა. 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად, დაწესდა შეზღუდვები საჯარო მოსამსახურეთა საშტატო და შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის განსაზღვრაზე. შედეგად, 2015 წლის შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად იკლებს.
“აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საერთო კლების ტემპს მნიშვნელოვნად აღემატება 2016 წელს დასაქმებულ შშმ პირთა კლების ტემპი, რაც ეჭვქვეშ აყენებს ადგილობრივ თვითმმართველობებში თანასწორობის საფუძველზე თანამშრომელთა შემცირების არსებულ პრაქტიკას. საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, ბოლო წლებში შშმ პირთა დასაქმების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება საჯარო დაწესებულებების ისეთ ჯგუფებში, როგორიცაა საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციები, სასამართლოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები. არცერთი შშმ პირი არ იყო დასაქმებული საქართველოს პარლამენტში. მსგავსი პრაქტიკის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად შესაძლებელია განხილულ იქნას სახელმწიფო დაწესებულებების არაადაპტირებული სამუშაო პირობები. ამ ფონზე მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ, IDFI-ისთან თანამშრომლობით, 2017 წლის ნოემბერში წარმოდგენილი იქნა პარლამენტის შენობის (თბილისი) ადაპტირების გეგმა.”- წერია კვლევაში.