იურიდიული დახმარების სამსახურის
იურისტები ქუთაისის მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატებს შეხვდნენ.
სამსახურის ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელის განმარტებით, იურიდიული დახმარების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. მისივე თქმით, ბენეფიციართა წრე კიდევ უფრო გაფართოვდა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან ერთად დახმარებას გადახდისუუნარო მოქალაქეებიც მიიღებენ.
სიორდიას განცხადებით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ის, რომ სასურველია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო მოქალაქეებს უფასოდ სთავაზობს.
“სამწუხაროდ, ჩვენს სამსახურს ჯერ-ჯერობით არ აქვს ისეთი ცნობადობა, რომ ყველა ადამიანს, რომელსაც სჭირდება იურიდიული დახმარება, ჰქონდეს ინფორმაცია. რადგან თვითმმართველობებს მოქალაქეებთან ურთიერთობა ყველაზე ხშირად უწევთ, საჭიროდ ჩავთვალეთ, მათაც სცოდნოდათ ჩვენი სერვისების შესახებ. ასევე, პერიოდულად სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ვხვდებით მოქალაქეებს,”-განაცხადა სიორდიამ.
ქუთაისის მერის წარმომადგენელის სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი მუქერიას აზრით, მსგავსი სამსახურის არსებობა თვითმმართველობის მუშაობასაც გააადვილებს.
“პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ძალიან ხშირად გვაქვს ისეთი საკითხები, რომლებიც მოიცავს იურიდიულ სფეროს. თუ ორგანიზაცია ჩვენს მოქალაქეებს მაღალი დონის იურიდიული კონსულტაციას გაუწევს, ეს დაგვეხმარება ჩვენი შემდგომი საქმიანობის განხორციელებაში,”-განაცხადა მუქერიამ.
იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი და გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფს. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.