ჭიათურაში ნედლეულის გადამამუშავებელი ახალი
ქარხანა კეთდება. ქარხნის მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია. შ.პ.ს. “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველის, ნიკა ჩიქოვანის თქმით, ახალი ქარხანა საათში 200 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს. ქარხნის მოწყობა 20 მილიონი დოლარი ჯდება. პირველ დანადგარებს აპრილში ელოდებიან.
“პირობა არის, რომ ძველი ქარხნები უნდა დაინგრეს. ვფიქრობთ, რომ ჯერ ამ პირველ პროექტს გავუშვებთ, ვნახავთ გერმანელებთან ერთად თუ გაამართლებს. ამ შემთხვევაში მეორე ქარხანასაც შევუკვეთავთ და საერთოდ, სულ ახალ ტექნოლოგიაზე გადავალთ”,- აცხადებს ნიკა ჩიქოვანი.
ქარხანა 3, 4 ჰექტარზე შენდება და მასში “ჯორჯიან მანგანეზის” 250-მდე თანამშრომელი დასაქმდება.
მადნის გამდიდრების შედეგად დაბინძურებული წყალი შლამთან ერთად მდინარე ყვირილაში ჩაედინება, რაც მის დაბინძურებას იწვევს. ახალი საწარმო კი მდინარის დაბინძურების რისკებს გამორცხავს.
“ნარეცხი წყალი ჩადის მდინარეში და ბინძურდება. ამ ქარხანას აქვს დახურული ციკლი. გერმანელები გვპირდებიან, რომ 95 პროცენტს ამოიღებენ მარგანეცს და პრაქტიკულად სუფთა მიწა რჩება. შლამები ყვირილაში აღარ ჩავა და აღარ დაბინძურდება. ამით ამ ეკოლოგიურ პრობლემას გადავჭრით”,- განაცხადა ნიკა ჩიქოვანმა.
ახალი საწარმოს გახსნა მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში იგეგმება.