“არა ნამოხვანჰესს! არა ტვიშჰესს!”, “ნუ ჩაგვძირავთ”,
“გადავარჩინოთ ქუთაისი ნამოხვანჰესის საფრთხისაგან”-აღნიშნული ლოზუნგებით ნამოხვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს ქუთაისში.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ჰესის მშენებლობა ქუთაისსა და რიონის პირა დასახლებებს საფრთხეს უქმნის.
“საფრთხე ემუქრება როგორც მოსახლეობას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. განადგურდება ფლორა და ფაუნა. ჰესის აშენება იგეგმება სეისმურად და მეწყრულად საშიშ ზონებში. გვინდა, მოვუწოდოთ ხელისუფლებას, უარი თქვან მსგავსი სახის პროექტებზე,”-განაცხადა ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
ჯაჭვის ხიდზე შეკრებილი მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჰესების მშენებლობის ნაცვლად, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებას მოითხოვენ.
“ნამოხვანჰესი აზარალებს ლანდშაფტს, აზიანებს მიკროკლიმატს. ამასთან ერთად, ენერგია, რომელსაც ჰესი გამოიმუშავებს არ მოხმარდება ჩვენს მოქალაქეებს და შემოსული თანხა კერძო პირების ჯიბეში წავა. მიმაჩნია, რომ ეს მშენებლობა დაუშვებელია,”-განაცხადა აქციის მონაწილე ცირა ყურაშვილმა.
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მოქალაქეები დღეს თბილისშიც გამართავენ.