ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე
ასათიანის ქუჩაზე სვანიძეების ოჯახში იმყოფებოდა. მერიის ინფორმაციით, ტარიელ სვანიძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ იმყოფება, თუმცა მონიტორინგის შედეგებით ის საჭიროებს “მადლიერების სახლის” სერვისებით სარგებლობას.
ნინო თვალთვაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეები, რომლებიც რეალურად საჭიროებენ მადლიერების სახლის მომსახურებას, ამ სერვისის გარეშე არ დარჩნენ.
,,პირადად გავეცანით რამდენიმე ბენეფიციარის მდგომარეობას, რომლებიც სარგებლობენ მადლიერების სახლის სერვისებით, მაგრამ მაღალი ქულები ჩამოუვიდათ და გარკვეული პრობლემები შეექმნათ სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებით . წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა რეალურად ძალიან მძიმეა. ჩვენ ადგილზე წამოვიყვანეთ სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები, ერთად ვავსებთ დეკლარაციას და შუამდგომლობას ვუწევთ, რომ ქულებმა დაიწიოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს სათანადო რეაგირება მოჰყვება. მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება უფასო კვებით სარგებლობა ეს სერვისი მივაწოდოთ,”-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.
ამ დროისთვის ქუთაისის “მადლიერების სახლის” ბენეფიციართა სიის გადამოწმება მიმდინარეობს.