ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის
შენობაში გაჩენილი ხანძრის მიერ გამოწვეული ზარალის დათვლა დღეს საღამოს დაიწყება და ზუსტი მონაცემები ორშაბათს გახდება ცნობილი. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს.
შენობაში ხანძარი დილის საათებში გაჩნდა, რის შედეგადაც მეოთხე სართულზე განთავსებული სამხედრო სამსახურის უფროსის კაბინეტი დაიწვა.
“დაახლოებით ექვსი საათიდან შვიდის ნახევრამდე დროის შუალედში გაჩნდა ხანძარი. ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელია, რა სახის დოკუმენტაციაა განადგურებული. როცა დავათვალიერებთ დეტალურად მერე მივხვდებით, რა შეიძლება აღდგეს,”-განაცხადა სამხედრო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილ თუთბერიძემ.
ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.