საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა ქუთაისში შეკრებილ მცირე მეწარმეებს ახალი საგადასახადო ინიციატივა გააცნო.
ლაშა ხუციშვილის განმარტებით, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით, ნაცვლად დღეს არსებული 5%-ისა. მისივე თქმით, ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში 500, 000 ლარამდე იქნება, ნაცვლად დღეს არსებული 100, 000 ლარისა.
“ახალი საგადასახადო ინიციატივების რეგიონებში განხილვა გრძელდება. ცვლილებები საშუალებას გვაძლევს, რომ აღნიშნული რეფორმით დაახლოებით 120 000-მა მცირე მეწარმემ ისარგებლოს,”-განაცხადა ხუციშვილმა.
საშემოსავლო გადასახადის ხუთჯერ შემცირება მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმაც შეაფასეს.
“ინიციატივა მცირე მეწარმეებისათვის დროული და ზედმიწევნით სწორად გადადგმული ნაბიჯია. ეს დიდი ბიძგი იქნება განვითარებისათვის,”-განაცხადა თაფლი “საჩინოს” წარმომადგენელმა მინდია ქავთარაძემ.
ინიციატივები მარნეულსა და ბათუმში უკვე განიხილეს.