ხუთ მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ქალს საჩუქრები გადასცეს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, გაზაფხულის დადგომა და ქალთა დღესასწაული მრავალშვილიან დედებს საზოგადოება “მზის თეატრმა” მიულოცა.
მრავალშვილიან დედებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოწვეულ ფსიქოლოგს გასაუბრებოდნენ, რომელმაც ქალთა პრობლემების შესახებ სემინარი ჩაატარა.
“სხვადასხვა კომპანიებისა და მეგობრების დახმარებით მრავალშვილიან დედებს პროდუქტები გადავეცით. შეგვეძლო, ღონისძიება არ ჩაგვეტარებინა და სურსათი ბინაზე დაგვერიგებინა, მაგრამ მათ ფსიქოლოგის დახმარება და საზოგადოებასთან საუბარი სჭირდებათ,”-განაცხადა საზოგადოება “მზის თეატრის” ხელმძღვანელმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ნათია ჯიმშელეიშვილმა.
ღონისძიებას სალონური ხასიათი ჰქონდა. მოწვეულმა სტუმრებმა შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს.
“ეს ყურადღება ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვწერ ლექსებს და სწორედ ამ ყურადღებამ გამიწია დიდი დახმარება,”-განაცხადა მრავალშვილიანმა დედამ მზია სანიკიძემ.
მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებას “მზის თეატრი” პერიოდულად ატარებს.