ქუთაისმა ისრაელიდან ჩამოსულ სტუდენტებს უმასპინძლა.
20 კაციანმა დელეგაციამ ქალაქის ღირშესანიშნაობები დაათვალიერა. სტუდენტები ქუთაისის ვიცე-მერს ნინო თვალთვაძესაც შეხვდნენ.
ვიზიტი პროგრამის- “სახალხო დიპლომატია და კულტურათაშორისი დიალოგის” ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანსაც საქართველოს კულტურისა და ტრადიციების გაცნობა წარმოადგენდა.
“შეხვედრა გაიმართა ქუთაისის ვიცე-მერთან ნინო თვალთვაძესთან, რომელმაც ძალიან თბილ გარემოში გააცნო სტუმრებს ჩვენი ქალაქის საქმიანობები, სტრატეგიული გეგმა,”-განაცხადა პედაგოგთა კავშირის “განათლება და სამყაროს” დამფუძნებელმა და გამგეობის ხელმძღვანელმა ნანული რამიშვილმა.
ასევე, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სტუმრები “განათლება და სამყაროს” საგანმანათლებლო საქმიანობას გაეცნენ.
ისრაელიდან ჩამოსულმა სტუდენტთა ჯგუფმა გორის მუნიციპალიტეტის ისტორიული უბნებიც მოინახულა. გარდა ამისა, სტუმრები მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.
პედაგოგთა კავშირი დევნილი და ადგილობრივი პედაგოგების მიერ 2002 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მისიას განათლების სისტემაში დემოკრატიული პროცესების განვითარება და ხელშეწყობა, ევროინტეგრაცია და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებზე მუშაობა წარმოადგენს.