“თავისუფალი საქართველოს”
იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას განცხადებას “ენერგო პრო ჯორჯიაში” პასუხობენ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყველა აღრიცხვის ხელსაწყო შესაბამის შემოწმებას გადის.
“მრიცხველების გამართულობა და ხარისხი ის საკითხია, რომელიც მკაცრად კონტროლდება მარეგულირებლის მიერ. ყველა აღრიცხვის ხელსაწყო, ახალიც და გარემონტებულიც, სანამ აბონენტს დაუმონტაჟდება, გადის შესაბამის შემოწმებას და ენიჭება სერტიფიკატი. “ენერგო-პრო ჯორჯია” მომხმარებლებს ინდივიდუალური გამრიცხველიანებისას ან დაზიანებული აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების დროს სრულიად უსასყიდლოდ უმონტაჟებს ან უცვლის მრიცხველებს. ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პროექტის ფარგლებში დამონტაჟებულ მრიცხველების შემთხვევაში, როგორც წესი, აბონენტებს ახალი აღრიცხვის კვანძები უმონტაჟდებათ. ეს მრიცხველები კომპანიას ევროპიდან შემოაქვს, ისინი სტანდარტებს პასუხობს და IშO სერტიფიკატი გააჩნიათ. მაგრამ ელექტრომრიცხველი, ისევე როგორც ნებისმიერ ელექტროხელსაწყო, შეიძლება დაზიანდეს. ამ შემთხვევაში ენერგო-კომპანია აბონენტებს მაქსიმალურად ოპერატიულად უცვლის მრიცხველებს. მრიცხველები, რომელთა აღდგენა შესაძლებელია, რემონტდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ. აღდგენილი აღრიცხვის ხელსაწყოები ასევე შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს და შესაძლებელია, განმეორებით იქნას გამოყენებული.
რაც შეეხება დეპოზიტის დარიცხვას აბონენტისთვის, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი წელიწადში სამჯერ დროულად არ იხდის ელექტროენერგიის მიმდინარე გადასახადს. ეს რეგულირდება ნორმატიულად, კერძოდ “ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესებით”, რომელიც ერთ-ერთი სახელმძღვანელო ნორმატიული დოკუმენტია ენერგოკომპანიისთვის. აღნიშნული წესები ითვალისწინებს, რომ კომპანიას შეუძლია “მომხმარებელს მოთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში”, თუ “მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში”. ხოლო თუ “12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი” (სემეკის 2008 წლის N20 დადგენილება), მას ეს თანხა, რომელიც აბონენტის ანგარიშზე რჩება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მოთხოვნისთანავე უკან უბრუნდება კომპანიის მიერ,”-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გოგი წულაიამ ბრიფინგი დღეს გამართა და “ენერგო პრო ჯორჯია” მეორადი მრიცხველების დამონტაჟებაში დაადანაშაულა. წულაიამ კომპანიას მაღალი დეპოზიტის დარიცხვაშიც დასდო ბრალი.