იმერეთში მოქმედი არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა საკუთარი საქმიანობის შესახებ ისაუბრა და თვითმმართველობასთან ერთად მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტებზეც იმსჯელა.
შეხვედრას ორგანიზება განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა და ფონდმა აფხაზინტერკონტმა გაუწია.
ცენტრის დირექტორის ნათია ნამიჭეიშვილის განცხადებით, სექტორთა შორის თანამშრომლობას ქვეყნისათვის სასიკეთო ცვლილებების მოტანა შეუძლია. მისივე თქმით, განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა პროექტები ოთხი პროგრამული მიმართულებიდან წარადგინა.
“მნიშვნელოვანია ის დღე, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი თვითმმართველობა ერთობლივად სხდებიან და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. საუბრობენ თუ რა პრობლემები არსებობს იმერეთის მხარეში და როგორ შეიძლება მათი მოგვარება,”-განაცხადა აფხაზინტერკონტის წარმომადგენელმა არჩილ ელბაქიძემ.
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძეც ესწრებოდა.
“ერთ სივრცეში ვმოღვაწეობთ და ყოველთვის გვექნება ნორმალური დამოკიდებულება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. მითუმეტეს საინტერესოა ის ორგანიზაციები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი პროექტების მნიშვნელობით,”-განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
ღონისძიება დისკუსიით დასრულდა, რომელიც მხარეებს შორის ეფექტური კომუნიკაციის გამოვლენას ისახავდა მიზნად.