ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ ბიზნესი უფრო მაღალ და განსხვავებულ საფეხურზე აიყვანა. უდავოა, რომ ასოცირების ხელშეკრულების საშუალებით დაპატარავდა მსოფლიო, ბიზნეს-შესაძლებლობები კი უსასრულოდ დიდი გახდა.
ბევრმა არ იცის იმის შესახებ, რომ ევროპასთან ინტეგრაცია შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ კარიერული წინსვლის გზაზეც. სწორედ ევროპაა ის, რისი საშუალებითაც ვესაუბრებით პოტენციურ კლიენტებს, ვამყარებთ საჭირო კონტაქტებს, ვიძენთ საინტერესო მეგობრებს და ჩვენს პროფესიონალურ თუ პერსონალურ იმიჯსაც ვქმნით.
ევროპასთან ინტეგრაციამ უფრო დააპატარავა მანძილი ერებს შორის. სოციალური ქსელებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანებს აღარ სურთ მხოლოდ წარსულის ხარჯზე იცხოვრონ და ჩაიკეტონ საკუთარ ქვეყანაში. დღეს ნებისმიერი ადამიანი მოგზაურობისკენ ისწრაფვის. ეს ადრე თუ დიდ ბიუროკრატიასთან იყო დაკავშირებული, დღეს უკვე ნებისმიერი მოქალაქე ქუთაისიდან მცირე ბიუჯეტითაც კი ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში აღმოჩნდება. არც სავიზო დაბრკოლებები და არც რაიმე განსაკუთრებული ბარიერები. ეს ყველაფერი უდავოა, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ (რასაც მოგვიანებით ვიზა ლიბერალიზაცია მოჰყვა) გამოიწვია.
ნეტა მართლა ასეთი პატარაა მსოფლიო, თუ თანდათან დაპატარავდა.
ყველა ვარიანტში სიბრძნეს არ არის მოკლებული ის ამბავი, რომ ქუთაისის (კოპიტნარის) აეროპორტმა დღითი დღე შეამცირა მანძილი ერებს შორის. თუ ადრე ორი თვე (ეს ყველაზე კარგ ვარიანტში) სჭირდებოდა ფრანგული მოდის საქართველომდე ჩამოსვლას, ახლა “შანელის სახლის” მოდის ტენდენციებს ზოგჯერ ჩვენ უფრო ადრე ვგებულობთ, ვიდრე “შანელის” თანამშრომლები. თუმცა, ყველა “ცოდვას” მარტო აეროპორტს ვერ ავკიდებთ. ფაქტია, რომ ჩვენ (ქართველებმა) უფრო ადრეც დავაპატარავეთ მსოფლიო… ყველა ყველას ნათესავი ვართ, ყველა ყველას ვიცნობთ. ის კი არა, “რკინის ფარდის”პერიოდშიც კი, როცა საზღვრები ჩაკეტილი იყო და არ ვიცოდით რა ხდებოდა დანარჩენ მსოფლიოში, “გვტკიოდა” შორეული ქვეყნის შვილების როგორც წარმატება, ასევე წარუმატებლობა. ჩემი თუ არ გჯერათ, აუცილებლად წაიკითხეთ წარმოშობით ქუთაისელის , დრამატურგ რეზო კლდიაშვილის “საფიჩხიური მოთხრობები”. ნამდვილი ამბავია აღწერილი თუ როგორ გაიგეს ქუთაისში პრეზიდენტ კენედის სიკვდილი და როგორ დაიტირეს იგი საფიჩხიელმა ქალბატონებმა. გთავაზობთ მოკლე ამონარიდს მოთხრობიდან:
_ ელიჩკა, კენედების უფროსი ვაჟი არ მოუკლავთ ამერიკაში?! _ თქვა ხანშიშესულმა გიორგიმ
_ უბედური დედამისი, რას გამწარდებოდა…. როგორი საქმეა, შვილი გაზარდო და ისიც პრეზიდენტი! _ დაიტირა ელიჩკამ.
_ კენედი მოკლეს, ჩემი კიტას კბილა ყოფილა _ მიატირა ნადიამ.
_ ცოლშვილიანი თუ იყო საცოდავი? _ იკითხა გუგუშამ
_ ახალგაზრდა ცოლი და ორი შვილი დარჩა _ დააკმაყოფილა გუგუშას ცნობისმოყვარეობა გიორგიმ….
_ იკითხოს იმან, ვინც მოკვდება! _ ხელი ჩაიქნია გუგუშამ და გვერდზე ჩამოუჯდა გულშეწუხებულ ნათელას. შეჯგუფულ მეზობლებს სკოლაში მიმავალი ბავშვებიც შეუერთდნენ.”
ასე მოვიდა კენედის მკვლელობის ამბავი ქუთაისში, ერთი პატარა უბნის, საფიჩხიის ერთ პატარა ქუჩაზე…
ეს იუმორნარევი სევდიანი მოთხრობა ნათლად ასახავს ადამიანების სწრაფვას მსოფლიო ჩართულობაში. ამ მხრივ ყველაზე იმედის მომცემი იყო ქუთაისში აეროპორტის განახლებული მშენებლობა. როგორ და რის საშუალებას იძლევა კოპიტნარის აეროპორტი, მალევე გამოჩნდა. მანამდე კი, აეროპორტის შორიახლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი უშფოთველად ძოვდა წვანე, კოლხურ ბალახს.
2017 წლის 28 მარტიდან, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კოპიტნარის აეროპორტი საბჭოთა პერიოდში აშენდა და ის ნგრევის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენდა, ვიდრე აეროპორტის განვითარების გეგმა არ შემუშავდა და მისი რეაბილიტაცია და, ფაქტობრივად, თავიდან მშენებლობა არ დაიწყო. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალი მთავრობა აეროპორტის შესაძლებლობებს თავიდან სკეპტიკურად უყურებდა. ხშირად ისმოდა დაბალბიუჯეტიანი აეროპორტების ცენტრად ქცევის კონცეფციის კრიტიკა. აეროპორტის გასავითარებლად წინა ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტები დროებით შეჩერდა, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა იმით ახსნა, რომ აეროპორტი 2012 წელს ძალიან ნაჩქარევად გაიხსნა და მთელი 2013 წლის განმავლობაში ახალ ხელისუფლებას მის გასამართად “მუხლჩაუხრელი შრომა” მოუწია.
დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის მიმართულებით ახორციელებს ფრენებს: ლონდონი, ბერლინი, პრაღა, ბარსელონა, ბუდაპეშტი, მილანი, რიგა, ვარშავა, ვილნიუსი, ვენა, ლარნაკა და სხვა. ბილეთების ფასი საგრძნობლად დაბალია და 25 ევროდან იწყება. მაგალითად, 25 ევრო ღირს ბილეთი ლარნაკას, სალონიკის, მემინგემის, მიუნხენის, სოფიას მიმართულებით. მიმართულებების დამატებასთან ერთად, უმჯობესდება აეროპორტის სერვისებიც. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაახლოებით ერთ წელიწადში მზად იქნება აეროპორტამდე მიმავალი რკინიგზაც, რომელიც მგზავრებს პირდაპირ აეროპორტში მიიყვანს. სამგზავრო რეისები დაემატა აეროპორტიდან მოძრავ საავტომობილო ტრანსპორტსაც.
იმოქმედა თუ არა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა ნაკადზე? საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას თუ მოვიშველიებთ, ქუთაისის აეროპორტში, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია ევროპის მიმართულებით გადაადგილებული საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი .საქართველოში უკვე დაფრინავს რამდენიმე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, მათ შორის “ვიზეარი” (Wizzair) და “პეგასუსი” (Pegasus). გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლო მომავალში საქართველოს ბაზარზე შემოსვლას აპირებს ერთ-ერთი მთავარი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, “რიანეარი” (Ryanair). ქუთაისის აეროპორტის მთავარი ხიბლი ის არის, რომ ავიაკომპანიებს ძალიან დაბალი ტარიფით ემსახურება, რაც, პირველ რიგში, დაბალბიუჯეტიან გადამზიდველებს იზიდავს.
უვიზო მიმოსვლა და იაფი ავიაფრენების პერსპექტივა განსაკუთრებით სტიმულს აძლევს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და მასთან დაკავშირებულ ტურიზმში დასაქმებულ ათასობით მოქალაქეს, რომლებიც სასტუმრო ბიზნეს და კვების ობიექტებს ფლობენ. ახალი მიმართულებების დამატების შემდეგ საქართველოში მგზავრთა ნაკადი ერთი წლის მანძილზე, დაახლოებით, 250 ათასით გაიზრდა, რაც, აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ალექსიძის, განცხადებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარებაში. აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ალექსიძის, განცხადებით, დამატებით კიდევ 3 ავიაკომპანიას სურს საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება. მათგან ირანულმა ავიაკომპანიამ უკვე მიიღო ფრენის უფლება.
ქუთაისელი (და ზოგადად მთელი ქვეყნის) ახალგაზრდები სამოგზაუროდ, ან სასწავლებლად ძირითადად ევროპაში მიდიან. მათი მამების თაობისაგან განსხვავებით არ ხიბლავთ არც მაგიური “რუსული ბაზარი” და არც რუსული განათლება. მით უფრო ახლა, როცა უვიზო მიმოსვლა და დაბალბიუჯეტიანი აეროპორტები მრავალ საშუალებას იძლევა. დღეს ბევრი სკეპტიკურად უყურებს ბილეთების ფასს. ის რომ ვიღაცამ 60 ევროდ ორივე გზის ავია ბილეთი შეიძინა, იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასეა. რეალობა კი სხვაგვარია. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს იაფი ბილეთები სარეალიზაციოდ გამოაქვთ სხვადასხვა ალგორითმის მიხედვით. არის დღეები, როდესაც ერთი და იგივე ბილეთი ორჯერ იაფი ღირს, ვიდრე ერთი დღით ადრე ღირდა. თუ ამას ფასდაკლების აქციაც დაემატა და მომხმარებელი ავიაკომპანიის კლუბის წევრიცაა, სავსებით შესაძლებელია ბილეთი მხოლოდ 9-10 ევრო დაუჯდეს. ასეთი ფასებით არაერთხელ უსარგებლია ქუთაისელ მოგზაურ ლევან ჭანჭალეიშვილს:
“მთავარია მონდომებული იყოს ადამიანი, უნდოდეს იაფად მოგზაურობა და ყოველთვის მონახავს ისეთ მარშრუტს, რომელიც მისთვის მისაღები იქნება. მე, მაგალითად, ევროპის მიმართულებით არაერთხელ მიმგზავრია 9 ევროდ”.
ლევან ჭანჭალეიშვილის გამოცდილების მიხედვით, საჭიროა მოგზაურობის მსურველმა წინასწარ 1-2 თვით ადრე დაიჭიროს თადარიგი და იაფი ავიაბილეთები შეარჩიოს, შემდეგ კი შვებულება ამ დაბალფასიანი ფრენის თარიღებს შეუსაბამოს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იმას არ ნიშნავს, რომ 10-20-ევროიანი ბილეთები ყოველდღე არის, თუმცა თითქმის ყოველთვის შეძლებთ ავიარეისების პოვნას 50 ევროს ფარგლებში.
ლევან ჭანჭალეიშვილი ქუთაისელი, საკმაოდ აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდაა. სწავლობდა გერმანიაში. თვლის , რომ ევროპაში მიღებული განათლება მას ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოადგა. რომ არა გერმანია ის ახლა შეუმდგარი და წარუმატებელი იქნებოდა. ასე ფიქრობს ლევანი. ქუთაისში დაბრუნების შემდეგ მან სოციალურ ქსელში ჯგუფი შექმნა – ” მოგზაურთა კლუბი” . ფეისბუქჯგუფში უპრეცედენტოთ ბევრი ადანიანია გაწევრებული. მათი თანამოაზრეები 60 ათას აჭარბებს და ძირითადად ევროპული ღირებულებები აერთიანებთ. “არიან ისეთებიც, რომლებიც მოსკოვის ინტერესებს ატარებენ და ევროპას გვილანძღავენ, ამ ტროლებს ჩვენ “რუსეთუმეებს” ვუწოდებთ ხოლმე და ვცდილობთ არ მივცეთ ტირაჟირების საშუალება. ეს ჯგუფი იმიტომ არ შეგვიქმნია ტროლები ვკვებოთ”- განაცხადა ლევანმა. მისი თქმით ჯგუფი 99 % ევროპული ღირებულებისაა და აქ მხოლოდ იმიტომ არიან , რომ ევროპული მოგზაურობის გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს. ამასთან ახალგაზრდები “მოგზაურთა კლუბის” საშუალებით ერთგვარი უკუკავშირის გზით ერთმანეთს უზიარებენ იმ ღირებულებებს რასაც ევროპულ ქვეყნებში აწყდებიან, საუბრობენ პროპაგანდისტულ მანქანაზეც რომელიც კრემლიდან იმართება.
ჩემი კოლეგა თამარ კარელიძე, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში სწავლობს თავის ერთ ერთ ბლოგში წერდა: ” არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ ნაცნობთან პოლიტიკაზე მომიწია კამათი. ის გარკვეული პერიოდით მოსკოვში ცხოვრობდა და მიაჩნია, რომ ევროპას რუსეთი სჯობს. მას შემდეგ, რაც ტრაფარეტული არგუმენტები გავცვალეთ, მითხრა, რუსეთი იმიტომ არის კარგი, რომ შემიძლია, თუნდაც, წითელ მოედანზე, კრემლთან მოვისაქმო და კაციშვილი ხმას არ გამცემს, ევროპაში კი ხიდის ქვეშაც ვერ გავაკეთებ იმავეს – დამაჯარიმებენო.
ქუჩაში ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ალბათ, ადამიანების ნაწილისათვის ის საოცნებო თავისუფლებაა, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს. გვთავაზობს თავისი 37 მანეთით, მითებით რუსის ქალების, ქართველებისა და საქართველოს სიყვარულისა თუ მეორე რუსეთის შესახებ. ამ თავისუფლებას წინა თაობიდან ზოგიერთი ისეა მიჩვეული, რომ 25 წელია, საბჭოთა კავშირს, იაფ საჭმელ-სასმელსა თუ უფასო ბინებს მისტირის და დაუსრულებლად ჰყვება იმ სიკეთეების შესახებ, რომელიც “კეთილმეზობლური ურთიერთობის” დროს გვქონდა. მაგალითად, იმას, თუ როგორი ადვილი იყო რუსეთის ბაზრზე დაძმარებული ღვინისა თუ ბორჯომის ნაცვლად, სოდიანი წყლის გასაღება და რა რთულია ის რეგულაციები, რომლებიც ევროპაში პროდუქტის გასატანად უნდა გავიაროთ. წუწუნსა და პროტესტის გამოთქმაში კი ავიწყდებათ რომ წესების დაცვით საკუთარ თავსაც იცავენ. იცავენ იმ ტყუილისაგან, რასაც გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეკოლოგიურად სუფთას სახელით ყიდვა ან რძის ფხვნილისგან დამზადებულ ნაწარმზე ნატურალურის წარწერა ჰქვია”.
სტატიაზე მუშაობის დროს თამარ კარელიძეს დავუკავშირდი, ის ჩემი კოლეგაა და მაინიტერესებდა მისი აზრი ევროპულ სტერეოტიპების შესახებ, რასაც მედიაწიგნიერების არ ქონის გამო ხშირად ვაწყდებით მედიაშიც.
-თამარ რას გვეტყვი ამ სტერეოტიპების შესახებ, რაც ხშირად შენც გსმენია და ჩვენც.
-ევროპაზე საუბრისას, ჩვენ ბევრი რამ გვგონია. მაგალითად ის, რომ მასთან დაახლოება ტრადიციებს, სარწმუნოებას, ქართველობას წაგვართმევს და ამიტომ ერთმორწმუნე რუსეთი გვიჯობს, თუმცა გვავიწყდება, რომ არაერთი ქართული ტაძარი, არქიტექტურის ნიმუში თუ რელიკვია, სწორედ ევროპული ფულით შეკეთდა და რესტავრირდა მაშინ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი მთელი ძალით ცდილობს ქართული კვალის წაშლას – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს თავზე რუსულ გუმბათებს ადგამს, უძველეს ფრესკებს ღებავს და ანადგურებს.
-აქ გავრცელებული აზრია, რომ ევროპა “გარყვნილების ბუდეა”…
-ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპა გარყვნილების ბუდეა, სადაც ოჯახს პატივს არ სცემენ, ერთმანეთი არ უყვართ და შვილებს სახლებიდან 18 წლის ასაკში უშვებენ. ჩვენთან კი 40-50 წლის ხალხი ისევ დედასთან ცხოვრობს და თავი პატარა ჰგონია. ამასთან, თუ კაცს, ოჯახის პარალელურად, საყვარელი არ ჰყავს, მის მამაკაცურობაში ეჭვი გვეპარება. მიგვაჩნია, რომ ევროპასთან დაახლოება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას გვაიძულებს, ამ თემის წამოჭრისას, ცდუნებასაც ვერ ვუძლებთ და ქართველობის დასაცავად, რელიგიას ამოფარებულები, ქუჩაში არარასებული გეიების დასახოცად გამოვრბივართ. ვეწინააღმდეგებით ანტიდისკრიმინაციულ კანონს ისე, რომ შიგნით ჩახედვაც არ გვინდა და გვგონია, რომ ელექტრონულ პირადობის მოწმობებში “მხეცის ნიშანი” ზის, რომელიც ევროპამ გადასაგვარებლად გამოგვიგზავნა.
ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სქესობრივი განათლების შესახებ ინფორმაციის სკოლებში შეტანას, ჩუმად ვახტებით ადამიანის გამრავლების შესახებ თავებს ბიოლოგიის მეცხრე კლასის სახელმძღვანელოში ისე, თითქოს სექსი არ არსებობს, ამრეზით ვუყურებთ ადამიანებს, რომლებიც ქორწინების გარეშე ცხოვრობენ ერთად. პარალელურად, სიხარულით ვათხოვებთ 14-16 წლის არასრულწლოვანებს და რუსეთში აღვირახსნილ ცხოვრებაზე ვოცნებობთ.
-სინამდვილეში ევროპა რა არის?
-სინამდვილეში ევროპაც თავისუფლებაა, ოღონდ განსხვავებულ ღირებულებებზე დაფუძნებული. აქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა მაშინ, როდესაც რუსეთში განსხვავებული აზრის მქონენი ტერორსა და შეზღუდვებში ცხოვრობენ, ევროპა დემოკრატიულ ღირებულებებზე დგას, რაც რუსეთისათვის უცხოა, ევროპაში მედიის თავისუფლება, დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია მაშინ, როდესაც რუსეთში ჟურნალისტურ საქმიანობას სპეციალური სამინისტრო არეგულირებს. ევროპა ადამიანის უფლებების იმ მორალურ საფუძვლებზე დგას, რაზეც ადამიანები ერთხმად შეთანხმდნენ და არ არღვევენ.
გინახავთ, როგორი ამაყია ევროპელი, რომელიც უცხოელს საკუთარ ქვეყანას აცნობს?. როგორ ჰყვება, თუ როგორ სისხლის ფასად დაიცვეს მისმა წინაპრებმა ქალაქის მთავარ მოედანზე გამოხატვის თავისუფლება, კონსტიტუცია თუ ადამიანური ღირებულებები.. მოგისმენიათ დებატები პარლამენტში, რომელიც მერკანტილიზმისა თუ წინა ხელისუფლების უსასრულო ლანძღვისგან შორს დგას და მხოლოდ წმინდა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს?
-და რას გვასწავლის ევროპა?
-ევროპული კულტურა გვასწავლის, როგორ ავაშენოთ და როგორ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო, როგორ ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებას კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების უფლებას არ მისცემს. ის გვასწავლის, როგორ გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, როგორ შევქმნათ საკუთარი და არ გავიქცეთ სხვაგან ისე, როგორც ახლა გავრბივართ, როგორც ახლა ვოცნებობთ, სხვის აშენებულში კომფორტულად ცხოვრებაზე და საკუთარის განვითარებაში წვლილის შეტანასაც კი არ ვივლებთ გულში.
რატომ გვინდა ვიზის ლიბერალიზაცია? იმიტომ, რომ უვიზო მიმოსვლა მოგვცემს საშუალებას, ბოლოსდაბოლოს ვნახოთ რა არის ევროპა. ვნახოთ, როგორია გამწვანებული ქალაქები, მოწესრიგებული მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უსაფრთხო პროდუქტი, კეთილგანწყობილი ხალხი.. ვნახოთ, რომ ცხოვრება 50 წლის შემდეგ არ მთავრდება, რომ შეიძლება, მოხუცს ფერადი ტანსაცმელი ეცვას და საღამოობით სალსას ცეკვავდეს. ვნახოთ იმიტომ, რომ უკან დაბრუნებულებს ჩვენც მოგვინდეს, მსგავსი გარემოს შექმნა და გვქონდეს არა ბიოლოგიურ, არამედ, მენტალურ საწყისებზე დაფუძნებული თავისუფლების ქონის სურვილი.
ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ევროპასთან ინტეგრაცია და უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოგზაურობას, კარგ დასვენებას, კარიერულ წინსვლასა და ხარისხიანი განათლების მიღებას ნიშნავს. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პირველ რიგში ეკონომიკურ აღმავლობას უნდა ვხედავდეთ. ამ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლა და დაბალბიუჯეტიანი ევროპული ფრენები ქუთაისიდან მხოლოდ ინსტრუმენტად შეიძლება მივიჩნიოთ იმ დიდ საქმეში რასაც ევროპული ბაზარის დაგემოვნება ჰქვია. ცხადია ჯერ დაპყრობას ვერ დავარქმევთ, მაგრამ ის რომ გარკვეულწილად ფეხს ვიკიდებთ ევროპულ ბაზარზე ეს უკვე ძალიან კარგი სიგნალია ჩვენი ბიზნესისთვის. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა ისარგებლონ (და საბედნიეროდ სარგებლობენ კიდეც) ჩვენმა ფერმერებმა. იმერელმა მწვანილის მწარმოებლებმა კარგა ხანია უკვე დაივიწყეს საბჭოთა “მაგიური ბაზარი” და კოპიტნარიდან “ქუთაისი-მოსკოვის” რეისიც გამოიტირეს. ფერმერები უკვე ქუთაისის აეროპორტიდან გეზს ევროპისკენ იღებენ.
ქართული მწვანილი, ევროპული თუ რუსული ბაზარი ?
2006 წლის გახმაურებული ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე მოლაპარაკებები 2013 წლიდან განახლდა, 2014 წლის მაისის ბოლოდან კი საქართველოში წარმოებული ხილისა და ბოსტნეულისთვის რუსეთის ბაზრის კარი გაიღო. პირველ ეტაპზე განახლდა ციტრუსის ექსპორტი, რასაც მოჰყვა ხილი, ბაღჩეული კულტურები, მათ შორის მწვანილი და სხვა. მაშინ მწვანილის მწარმოებელი კომპანიები რუსეთის ბაზრის ათვისებას ახალი შესაძლებლობებით აპირებდნენ, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოელი მეზობლის ბაზარი არასტაბილურობით გამოირჩევა.
მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, რა ხდება ამ მიმართულებით, დაიბრუნეს თუ არა იმერელმა მწვანილის მწარმოებლებმა რუსეთის ბაზარი და რა პერსპექტივა აქვს ზოგადად, ქართულ მწვანილს ექსპორტის მიმართულებით?
მწვანილის მწარმოებელი კომპანია “ჰერბია”
მწვანილის მწარმოებელმა კომპანია “ჰერბიას” ხელმძღვანელი ზურაბ ჯანელიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კომპანიას რუსეთთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. თავიდან იმედის თვალით უყურებდნენ რუსეთის ბაზრის გახსნას, მაგრამ ტყული აღმოჩნდა. მეტიც მათ დააპირეს საკუთარი ძალებით რუსეთის ბაზარზე შესვლა, მაგრამ იქ სახელმწიფოს გარდა კრიმინალური ავტორიტეტებთან ურთიერთობის დალაგებაც მოთხოვეს, რაც საბჭოთა პერიოდიდან გაბატონებულია მწვანილის ბაზარზე. ის იყო ფერმერი წაგებაზე უნდა წასულიყო, რომ ამ დროს გამოჩნდა ბულგარეთის ბაზარი, უფრო საიმედო და სარფიანიც.
მისი თქმით, საექსპორტო ქვეყნების სიაში ამ დროისთვის ჯერ მხოლოდ ბულგარეთია. ჯანელიძის განმარტებით, წელს ბულგარეთში საკმაოდ დიდი რაოდენობის მწვანილი იქნა გაგზავნილი. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, მისი თქმით, პარალელურად მიდის მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან.
კომპანია “ქართულ მწვანილი”
რუსეთის ბაზარზე არ შესულა კომპანია “ქართულ მწვანილიც” . როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბელთაძე ამბობს,აღნიშნულ ქვეყანაში მწვანილის გატანა და იქ ფეხის მოკიდება ძალიან დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. მისი განმარტებით, მართალია რუსეთის ბაზარი დიდი ბაზარია, მაგრამ იქ შესულ ქართულ კომპანიებს გადანაწილებული აქვთ მაღაზიები, რაიონები და სხვას შესვლის უფლებას არ აძლევენ. “ყველას დანაწილებული ქვს ადგილები, იქ ვერ შეხვალ და დახლზე შენს მწვანილს ვერ დადებ. ყველას წილი უნდა მისცე, მოგება თუ არ დაგრჩა, აბა ისე რად გინდა ან წარმოება ან ექსპორტი. ამიტომ არ მიღირს, აღარც კი ვცდილობ რუსეთში ექსპორტი დავიწყო”-აცხადებს ბელთაძე.
მისი ინფორმაციით, საკმაოდ მზარდი რაოდენობით ექსპორტს უკრაინაში , მოლდოვასა და პოლონეთში ახორციელებს. სამომავლოდაც, ამ მიმართლებებზე იგეგმება რაოდენობების ზრდა.
მწვანილი “ქვიტირი”
მწვანილი “ქვიტირის” ხელმძღვანელი გოდერძი შავგულიძე ამბობს, რომ სფეროში ძალიან რთული მდგომარეობაა, ამას კი იმით ხსნის, რომ ქართველმა მწარმოებლებმა რუსეთის ბაზარზე ფეხი ვერ მოიკიდეს და წაგებაში წავიდნენ. შავგულიძე განმარტავს, რომ რუსეთში ქართულ მწვანილთან შედარებით ბევრად იაფად ირანული მწვანილი შედის,ამის გამო კი ქართულ პროდუქტს გასაღების პრობლემა ექმნება.
კოოპერატივი “ქვიტირი” ქუთაისში, 2014 წლის ბოლოს შეიქმნა. კოოპერატივში 5 ადამიანი გაერთიანდა. “ქვიტირის” ერთ–ერთი ხელმძღვანელი გოდერძი შავგულიძე აცხადებს, რომ კოოპერატივის შექმნის შემდეგ საგრანტო პროექტი დაწერეს და საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამაში (ENPARD) გაიმარჯვეს.
ENPARD–ის ფარგლებში კოოპერატივი 80 000 ლარით დაჯილდოვდა. ამ თანხით მწვანილის შესანახი სპეციალური სამაცივრე აგრეგატები, გენერატორები და სხვა დანადგარები შეიძინეს. თავად ფერმერების ინვესტიცია კი 55 000 ლარი იყო.
“ევროკავშირმა ყველა ის ტექნიკა-დანადგარი შეიძინა, რაც ამ დროისთვის გვჭირდებოდა. თუ საქმე კარგად წავიდა, ჩვენი კოოპერატივი გაფართოვდება და ცერეცოს გარდა ნესვს და ბულგარულ წიწაკას მოვიყვანთ”, – ამბობს გოდერძი შავგულიძე.
ამრიგად დასკვნა ადვილი გასაკეთებელია. ქართველები, ვინმეს ეს მოწონს თუ არ მოწონს საბოლოოდ ევროპული ღირებულებების გამოწვევის წინაშე ვართ და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ საბჭოთა კავშირი ისტორიის კუთვნილებაა. დღეს აღარავის სურს უარი თქვას პროგრესზე, განვითარებაზე, განათლებაზე…
ვინ ჩაითვლება ნამდვილ ევროპელად? რა ჩაითვლება ევროპულ ფასეულობად? რა წარმოადგენს ხიდს საქართველოსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის? როცა ევროპულ ღირებულებებზე ვიწყებთ მსჯელობას, მას განვიხილავთ, როგორც ერთიანობის იდეას და ცივილიზაციის კერას. ქვეყნების წარმატების საწინდარი და სახელმწიფოს დასაყრდენი კი უდავოდ ევროპული დემოკრატიაა.