საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ
კვლევა ჩაატრა, რომელიც საჯარო მოსამსახურეების სამსახურიდან გათავისუფლებას ეხება. კვლევა მოიცავს 2012 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს და ეფუძნება სამინისტროებიდან და თვითმმართველი ქალაქებიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი) მიღებულ საჯარო ინფორმაციას. სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების მიერ საიასთვის მიწოდებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:
კვლევის პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიერ სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ სულ შეტანილი იყო 382 სარჩელი (სამინისტროები – 321, თვითმმართველი ქალაქები – 61), რომელთაგან 368 სარჩელი წარადგინეს საჯარო მოხელეებმა (სამინისტრო – 319, თვითმმართველი ქალაქი – 49), ხოლო 14 სარჩელი – შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირებმა (სამინისტრო – 2, თვითმმართველი ქალაქები – 12).
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ხუთ სამინისტროს (შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს) დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული 25 საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა, ხოლო 4 თვითმმართველ ქალაქს : ქუთაისის მერია – 8, თბილისის მერია – 6, თბილისის საკრებულო – 5, ფოთის მერია – 5, რუსთავის მერია – 1 – დაევალა ასევე 25 საჯარო მოხელის აღდგენა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამინისტროებმა და თვითმმართველმა ქალაქებმა სულ ჯამში განაცდურის სახით გადაიხადეს 652 269. სამინისტროებმა 27 საჯარო მოხელეს აუნაზღაურეს განაცდური – სულ 373 038 ლარის ოდენობით. თვითმმართველი ქალაქების მიერ საჯარო მოსამსახურეებისათვის გადახდილი განაცდურის ოდენობაა 279 231 ლარი.