ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების”” წარმომადგენლებმა ფინანსური პირამიდების საფრთხეების შესახებ ისაუბრეს.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთანავე, დაზარალდა დაახლოებით 4000 ადამიანი.
“საზოგადოება და ბანკების” წარმომადგენლებმა კონკრეტული კომპანიებიც დასახელებები და მათ მიერ მითვისებული თანხების რაოდენობაზეც ისაუბრეს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კომპანია “საქართველომ” დააზარალა 2343 მოქალაქე და გაიფლანგა 81 მილიონი ლარი. კომპანიამ MFX Broker Georgia – 111 ადამიანი და დაიკარგა 4.2 მილიონი ლარი. მათივე თქმით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, კომპანია “ევროკრედიტის” მიერ მიყენებული ზარალის მოცულობა 3 მილიონ ლარს აჭარბებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები პირამიდული ბიზნესის კრიმინალიზებას მოითხოვენ. მათივე თქმით, მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსით უნდა ისჯებოდეს.
“ჩვენ მოვითხოვთ პირამიდა ბიზნესის კრიმინალიზებას. არც ერთი მსგავსი ტიპის ბიზნესი სამართლებრივად არ რეგულირდება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსით უნდა ისჯებოდეს. ქუთაისში თაღლითური სქემით მომუშავე ბიზნეს ორგანიზაციები აქტიურობენ,”-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ის ნიშნებიც გააცნეს, რომლებიც საქართველოში მოქმედ თაღლითურ კომპანიებს ახასიათებთ. მათ შორის: აქტიური სარეკლამო მარკეტინგი და საბაზროზე მაღალი სარგებელი; დამალული/რთული ბიზნესმოდელი; საწევროს მცირე შენატანი და გამდიდრების მომხიბვლელი შანსი.
პროექტს “საზოგადოება და ბანკები” გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან და ,,განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან”” ერთად ახორციელებს.