საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ორპირი – ცუცხვათი – მღვიმეს 10.5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ასრულებს.
ორპირი–ცუცხვათი–მღვიმეს მონაკვეთი განლაგებულია იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გადის შემდეგ სოფლებს: ორპირი, კოკა, ოხომირა და ცუცხვათი. სარეაბილიტაციო გზა იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-9 კილომეტრზე მდებარე გადასახვევიდან და სრულდება სოფელ ცუცხვათთან. ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ განხორციელებულა და გზა თითქმის სრულად ამორტიზებული იყო.
აღნიშნული მონაკვეთით შესაძლებელია ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან და კასტრული მღვიმისკენ მიმავალი მთის ბილიკის დასაწყისთან მისვლა, რაც ტურისტული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული მღვიმეების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სარეაბილიტაციო გზის ბოლო , მონაკვეთზე მოსაწყობი საპროექტო გზის სიგრძე 274მ-ით შემცირდა. მის ნაცვლად, აღნიშნულ მონაკვეთზე კეთილმოწყობილი საფეხმავლო ბილიკი და ავტომანქანების სადგომი მოეწყო. ბილიკი გრანიტის ძელურებით (ე.წ “ბრუშატკა”) მოპირკეთდა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 971 600 ლარია. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 180 ადამიანი.
იმერეთის რეგიონში 2017 წელს დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების 131 პროექტი. აშენდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 19 კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 200კმ-მდე საავტომობილო გზას.