ქუთაისში მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის არაფორმალური განათლების მიწოდებაზე ზრუნვა დაიწყო.
პროექტი-“არაფორმალური განათლება მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის” “SOS ბავშვთა სოფელში” ერთი თვეა მიმდინარეობს.
ინიციატივა არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ქუთაისში, “ბავშვთა სოფელში” მცხოვრები ბენეფიციარების სოციუმში წარმატებით ინტეგრაციასა და მათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრის პრეზიდენტის შალვა ჯინჭარაძის თქმით, პროექტის ფარგლებში, SOS ბავშვთა სოფელში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული ბავშვები გაეცნობიან სხვადასხვა უნარ-ჩვევებს. მათ შორის: გუნდურობა, ლიდერობა, პოზიტიური ურთიერთობის ხელოვნება, აქტიური მოქალაქეობა, დედამიწა და ბიომრავალფეროვნება, კულტურათაშორისი დიალოგი.
“ვცდილობთ, არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით, ახალგაზრდებს გამოვუმუშაოთ ის უნარები, რომლებიც ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის განხორციელებას სხვადასხვა თამაშებითა და სავარჯიშოებით ვახერხებთ,”-განაცხადა ჯინჭარაძემ.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ,, სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი” ქუთაისის “ამერიკული კუთხისა” და ა(ა)იპ “საათის” მხარდაჭერით ახორციელებს. ფინანსური მხარდამჭერია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი”.