ქუთაისში მდინარე რიონის დაცვის დღე დაარსდა,
რომელსაც ყოველი წლის 2 დეკემბერს აღნიშნავენ.
იდეის ავტორი ქუთაისის ქალთა კლუბის თავმჯდომარე, ქეთევან ბერძენიშვილია.
ღონისძიების ფარგლებში ქუთაისის ქალთა კლუბის წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა მდინარე რიონის სანაპირო ზოლის ნაწილი დაასუფთავეს. ინიციატივას ა(ა)იპ “სპეციალური სერვისები” და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
“მდინარე რიონს არა მხოლოდ სახელმწიფოსაგან, არამედ მოქალაქეებისაგანც სჭირდება დაცვა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სანაპიროს დასუფთავება. გვსურვს, მომავალში სხვადასხვა ღონისძიებებით გავამდიდროთ აქცია, რათა უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს,”-განაცხადა ბერძენიშვილმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, თამარ ბაგრატიას თქმით, მდინარე რიონი ქალაქისათვის სასიცოცხლო არტერიას წარმოადგენს.
“მდინარის დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მდინარე რიონის დაცვის დღე მოქალაქეების თვითშეგნებაზე იმოქმედებს, რადგან ეს იქნება მესიჯი იმისათვის, რომ რიონს დახმარება სჭირდება. მდინარე არ უნდა დავანაგვიანოთ სხვადასხვა ნარჩენებით და არ უნდა ჩავუშვათ მასში ჩამდინარე წყალი,”-განაცხადა ბაგრატიამ.
აქციის მონაწილეებს ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძეც შეუერთდა.
“ადგილობრივი თვითმმართველობა მსგავს ინიციატივებს ყოველთვის მიესალმება, რომელიც ეკოლოგიის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს დაცვას მოიცავს,”-განაცხადა თვალთვაძემ.
რიონის სანაპიროს დასუფთავების შემდეგ თეთრ ხიდზე ბავშვების მონაწილეობით პერფორმანსი გაიმართა.
ქეთევან ბერძენიშვილის თქმით, მომავალი წლიდან ღონისძიება უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.