სამართალდამცავ სტრუქტურებში ოჯახში
ძალადობის შესახებ მიმართვიანობა გაიზარდა, ამის შესახებ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან, ცირა ღაჭავამ დაზარალებულთა კვირეულის ფარგლებში ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში გამართულ შეხვედრაზე რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს მოსახლეობის ინფორმირებულობამ განაპირობა.
“ოჯახური ძალადობის შესახებ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ძალადობის შემთხვევები გაიზარდა. თუმცა რიცხვის ზრდა იმან კი არ გამოიწვია, რომ ზოგადად ძალადობის ზრდა ხდება, უბრალოდ, მომართვიანობა გაიზარდა სამართალდამცავ უწყებებში, პროკურატურაში, პოლიციაში. ვინაიდან, ხალხი არის ინფორმირებული. ეს ნიშნავს, რომ ხალხმა იცის სამსახურის არსებობის შესახებ. სტატისტიკის ზრდაც ამას უკავშირდება. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოხდა. გაიზარდა ბრალდებულთა რიცხვიც და სასჯელიც უფრო გამკაცრებულია. “, – ამბობს ცირა ღაჭავა.
საქართველოს პროკურატურა 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით დაზარალებულთა კვირეულს მართავს. კვირეულის მიზანია ოჯახური ძალადობისა და სხვა ტიპის დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და საზოგადოებისათვის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის გაცნობა.
“ვფიქრობთ, ასეთი შეხვედრები კვირეულის შემდეგაც უნდა ჩატარდეს. აშკარაა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ პრობლემის მიმართ. კოორდინატორის სამსახური 2011 წლიდან მოქმედებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 19 კოორდინატორი გვყავს. ვმუშაობთ ძირითადად დაზარალებულებთან. სამსახური შეიქმნა იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის შემდეგაც დაზარალებული აღარ წარმოადგენს პროცესის მხარეს. მისი უფლებრივი მდგომარეობა შეიცვალა და გახდა პროცესის მონაწილე, რამაცა ნაწილობრივ შეზღუდა დაზარალებულის უფლებები. შესაბამისად საჭირო გახდა ისეთი სამსახურის შექმნა, რომელიც დაზარალებულს უზრუნველყოფა ინფორმაციის მიწოდებით და სხვა ტიპის დახმარებით, რომელსაც საჭიროებდა. გამოძიების დასრულებამდე მის გვერდით ვართ”, – განაცხადა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან ცირა ღაჭავამ.