ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე ბაგრატ მესამესა და დავით აღმაშენებლის სახელობის ორსართულიანი, ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა დაიწყო.
ტერიტორია ქუთათელ-გაენათელმა მეუფე კალისტრატემ აკურთხა და პარაკლისი გადაიხადა.
მშენებლობის დაწყებას ქუთაისის მერი, შოთა მურღულია დაესწრო, რომელმაც საძირკველის გაჭრაშიც მიიღო მონაწილეობა. მურღულიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა ეპარქიას მაქსიმალურად დაეხმარა.
“ცენტრალურ მოედანზე მთავარი ტაძარი იყო, რომელიც კომუნისტების პერიოდში დაინგრა. ახლა სამართლიანად აშენდება ახალი ეკლესია. პრობლემური იყო მიწის გადაცემა და ეკლესიის მშენებლობის საკითხი, თუმცა თვითმმართველობა მაქსიმალურად დაეხმარა ეპარქიას, რათა ეკლესია აშენებულიყო. მე ამაყი ვარ, რომ სიმბოლურად ჩემი მერობის ბოლო დღეს საძირკველის გაჭრის პატივი მერგო,” -აღნიშნა მურღულიამ.
ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის.