“მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი
ქვეყანა ნორვეგიაა”-რა არის ბედნიერება, რომელი ქვეყნების მოქალაქეები არიან ყველაზე ბედნიერები და რამდენად დათვლადია ბედნიერების გრძნობა-ქუთაისში აღნიშნულ თემებზე იმსჯელეს.
საჯარო ლექცია ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა, რომელსაც ამავე სკოლისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის თემურ ჯვარშეიშვილის თქმით, საჯარო ლექციის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ბედნიერების ინდექსის კვლევის მეთოდოლოგიას და იმ კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც აღნიშნული ანგარიში იქმნება.
“განსაკუთრებით საინტერესო იყო ურთიერთდამოკიდებულება ბედნიერებასა და დემოკრატიას შორის და კვლევის შედეგების განხილვა, თუ რატომ ცხოვრობს უფრო ბედნიერი ხალხი ძირითადად დემოკრატიულ ქვეყნებში, რა გამონაკლისები არსებობს ამ მიმართულებით. არანაკლები ინტერესი გამოიწვია ინდექსის საქართველოს კონტექსტში განხილვამ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო გამოკვლეული 155 ქვეყნიდან 125-ე ადგილზეა,”- განაცხადა ჯვარშეიშვილმა.
ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული კი ასე გამოყურება: ნორვეგია, დანია, ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი, ნიდერლანდების სამეფო, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, შვედეთი.