ქუთაისში უმეთვალყურეო მსხვილფეხა რქოსან
პირუტყვზე ზედამხედველობა ააიპ “სპეციალურ სერვისებს” ევალება. “სპეციალური სერვისების” გენერალური დირექტორი გელა გაგუა რადიო “ძველ ქალაქთან” ამბობს, რომ დაჯარიმებული პირუტყვი მხოლოდ ქუთაისში რეგისტრირებული არაა.
“ზუსტად ერთი წლის მონაცემებით 327 პირუტყვია დაჯარიმებული. ეს არ არის მხოლოდ ქუთაისში რეგისტრირებული პირუტყვი. მიმდებარე სოფლებიდან არის გადმოსული: მაღლაკიდან, გეგუთიდან, ბანოჯისა და გუმბრის მხარიდან”,- ამბობს გელა გაგუა.
საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი პირუტყვი უმეთვალყურეო ცხოველთა თავშესაფარში 2-3 დღით რჩება.
რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს:
უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლით ხდება, რაც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევას ითვალისწინებს.
პირუტყვის გზის სავალ ნაწილზე დაპატიმრება პატრონს 20 ლარი უჯდება, ხოლო გაზონზე 50 ლარი, განმეორებით შემთხვევაზე ასევე 50ლარი.
ქუთაისში, სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციით, ათას 800 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია რეგისტრირებული.