ქუთაისში, “სამართლიანი არჩევნების” ოფისში
არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს.
“სამართლიანი არჩევნების” ქუთაისის რეგიონალური კოორდინატორის თეონა გოგიშვილის განმარტებით, ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს მარტვილსა და ქუთაისში დააკვირდება.
“მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს, მეორე ტური მაინც გაიმართება. შესაბამისად, სამართლიანი არჩევნები სრულად დააკვირდება ქუთაისის 124, ხოლო მარტვილის 39 საარჩევნო უბანს,- განაცხადა თეონა გოგიშვილმა.
“ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” ქუთაისის კოორდინატორის ქეთევან ბერძენიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ორგანიზაციამ ქალთა საჭიროებების შესახებ წინასაარჩევნო კვლევები წარმოადგინა და ქალთა პრობლემების შესახებაც ისაუბრა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათ მიერ არჩევნების დროს დაწერილი დაკმაყოფილებული და განუხილავი საჩივრების შესახებაც ისაუბრეს.